წარმატებით დასრულდა ურთულესი ქირურგიული ოპერაცია თურქეთის ქალაქ იზმირში, სადაც 6 წლის ქართველ გოგონას – სოფიო მხატვრიშვილს, თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ, დღეს თითქმის ყველა თურქული მედია გამოცემა ავრცელებს, რომლებიც იტყობინებიან, რომ ბავშვის დონორი დედა იყო.
ონლაინ-გამოცემა ww.haberexen.com-ის ინფორმაციით, ბავშვს თირკმელების უკმარისობის დიაგნოზი ორი წლის წინ დაუსვეს. თავდაპირველად მას თირკმლის ნაწილი გადაუნერგეს. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და დედამ – შორენა მხატვრიშვილმა გადაწყვიტა შვილისათვის ერთი თირკმელი გადაენერგა.
ამ დროისათვის, დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ და თურქული მედია საშუალებების ცნობით, ისინი მალე საქართველოში დაბრუნდებიან.
მხატვრიშვილების ოჯახი თბილისში ცხოვრობს და გოგონას მამა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია დედა კი დიასახლისი. ქალაქ იზმირის სამედიცინო ცენტრში, 6 წლის სოფიო მკურნალობის კურს 2014 წლიდან გადის.