ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილგვირაბმშენის" დირექტორის მოადგილე, მალხაზ შარიქაძე დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ელექტრონული აუქციონის გამოცხადების შემდეგ, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს, აუქციონში პრივილეგიის მინიჭების და შემდგომში გამარჯვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 1 000 ლარი გამოართვა.
გარდა ამისა, კორუფციული გარიგების ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენდა 800 კვ/მ შენობის ელექტრონულ აუქციონზე განთავსება, როგორც 600 კვ/მ ფართის მქონე, ხოლო სხვაობის, 200 კვ/მ-ის საიჯარო გადასახადს დაკავებული სისტემატურად, არაოფიციალურად გამოართმევდა კომპანიის წარმომადგენლებს.
დანაშაულებრივ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.