დღეს დილით იტალიურმა სპორტულმა გამოცემამ „Gazzetta dello Sport” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
აღმოჩნდა რომ ფეხბურთის ცნობილ და ღვაწლმოსილ სპეციალისტს, რუსეთის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს ხელფასი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში არ აუღია.
უფრო მეტი, კაპელოს თანაშემწეებს კრისტიან პანუჩისა და მასიმო ნერის რუსეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ადრე გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადები უკვე დაუსრულდათ. რუსებს ამ ხალხთან ახალი კონტრაქტები ჯერ არ დაუდიათ.
რამდენიმე დღეში რუსთა უპირველესი საფეხბურთო გუნდი ევროპის მომავალი პირველობის მორიგ შესარჩევ შეხვედრას გამართავს და ქალაქ ვენაში ავსტრიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
არსებული გაურკვევლობის გამო ვენაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ნაკრები პანუჩისა და ნერის გარეშე გაემგზავრა და ფაბიო კაპელოს გუნდთან მუშაობა პრაქტიკულად მარტო უწევს.
ნერი და პანუჩი რუსებთან ურთიერთობის გაგრძელებას არ აპირებენ, რასაც ვერ ვიტყვით ბატონ ფაბიოზე. იტალიური მას-მედიის მტკიცებით, კაპელო კონტრაქტის გაწყვეტას ჯერჯერობით არ აპირებს და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.