ალბათ გახსოვთ ახლო წარსულის პოპულარული ფრანგი მოთამაშე ერიკ კანტონა. ფეხბურთელმა სახელი ძირითადად საფრანგეთის ეროვნულ გუნდსა და კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობის წლებში დაიგდო.
მიმდინარე წლის მაისში ბატონ ერიკს 48 წელი შეუსრულდა. „გიჟმაჟი“ მობურთალი ამჟამად კლუბი „ნიუ-იორკ კოსმოსის“ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს. ეს გუნდი აშშ-ის პირველობაზე ერთი წლის შემდეგ ჩაებმევა.
ორი დღის წინ ვებ-გვერდმა „Eurosport.com” კანტონა გაიხსენა და „არაორდინალური მობურთალის“ კარიერის დასრულების შემდგომი ნაბიჯები მოკლედ მიმოიხილა.
ფეხბურთის მთელი ისტორიის განმავლობაში ძნელად თუ მოიპოვება ერიკ კანტონასავით სკანდალური მოთამაშე. მისი ქარიზმატულობა ყველას აღაფრთოვანებდა და გიჟის მეტსახელითაც მოიხსენიებდნენ.
– მე კანტონა ვარ, ამიტომ შემიძლია ვაკეთო ის, რაც მინდა, – ასე ახასიათებდა საკუთარ თავს „არანორმალურად“ შერაცხული კანტონა.
კარიერის დასრულების შემდეგ შოუ-ბიზნესში დაკავდა. თავდაპირველად პაკო რაბანის ტანსაცმლის კოლექციებს წარმოადგენდა, შემდეგ საკუთარი ფოტოების გამოფენა მოაწყო, შემდეგ როკის სფეროსაც მისწვდა და ფრანგული ჯგუფი „დიონისეს“ ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა.
ყოველივე ამის შემდეგ მსახიობობა გადაწყვიტა და მის ანგარიშზე ამჟამად რამდენიმე სურათია.
განსაკუთრებული წარმატება ფილმმა „ელისაბედი“ მოუტანა, სადაც კანტონა მონსენიორ დე ფუას როლს ასრულებდა.
„მსახიობი“ერიკი დღეს კვლავ დიდ ფეხბურთში მოღვაწეობს. „ნიუ-იორკ კოსმოსს“ მისი მდიდარი გამოცდილების იმედი აქვს. ეს კლუბი მალე აშშ-ის პირველობაზე იასპარეზებს. წარმატებას თუ მიაღწევს, აქტივში კანტონას ჩაეთვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრანგი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდება და კვლავ სამსახიობო კარიერით დაკავდება.