გიორგი მდინარაძე, თითქმის ერთია წელია, შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსია.
საინტერესოა, რა შედეგებია და გახსნილი დანაშაულობების როგორი სტატისტიკაა მისი საქმიანობის დროს.
"გურია ნიუსი" ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხდარი მძიმე და გაუხსნელი დანაშაულობების შესახებ, არაერთხელ წერდა.
2013 წელს ოზურგეთში ორი შემზარავი მკვლელობა, რამდენიმე მძიმე ყაჩაღობა და არაერთი ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა.
აღნიშნული დანაშაულებები დღესაც გაუხსნელია, თუმცა, როგორც შსს-ს პრესსამსახურში აღნიშნავენ დანაშაულებების რიცხვმა საგრძნობლად იკლო და პოლიციის მიერ გახსნის მაჩვენებელიც დიდია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მძიმე დანაშაულობების ქრონიკა ასეთია:
“ოზურგეთში, ე. წ. "ზვანის" უბანში, ცენტრალური გზისა და კიტა მეგრელიძის ქუჩის გასასვლელში ახალგაზრდა მამაკაცი, 2013 წლის 5 დეკემბერს, დილით, 10 -ის ნახევარზე, ჯერჯერობით დაუდგენელმა ნიღბიანმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს და მისგან 4385 ლარი წაიღეს.
როგორც დაზარალებული ამირან სიხარულიძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლეს.
შსს: "აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 179 მუხლის 1 ნაწილით, გამოძიებას აწარმოებს ოზურგეთის რაიონული სამმართველო".
2013 წლის 5 აგვისტოს, ღამის თერთმეტ საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შემზარავი მკვლელობა მოხდა.
გოჩა გუჯაბიძე საკუთარ სახლთან დაუდგენელმა პირებმა ავტომატებით ჩაცხრილეს. გუჯაბიძის მამა "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მის შვილს ავტომატის რამდენიმე ჯერი სახლთან გვიან ღამით დააცალეს.
მიუხედავად, იმისა, რომ ვარდენ გუჯაბიძეს, მკვლელებთან დაკავშირებით ვერსიები აქვს, რის შესახებაც "გურია ნიუსი" რამდენჯერმე წერდა, დანაშაული დღემდე გაუხსნელია.
შსს: "აღნიშნულ გამოძიება მიმდინარეობს 108 მუხლით, გამოძიებას აწარმოებს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო."
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრებ დავით დოლიძეს, 2013 წლის 30 მარტს საკუთარ სახლში, ღამით, ყაჩაღებმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენეს.
"მინდა შევხვდე ირაკლი ღარიბაშვილს, მაინტერესებს ვარ თუ არა დაცული? რატომ უნდა მეშინოდეს სახლში ღამის გათევის, სულ შიშში როგორ ვიცხოვრო? რა დავაშავე ასეთი? ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩემი მკვლელები ქუჩაში ჩვეულებრივად დადიან," _ ამბობდა "გურია ნიუსთან" დაჭრილი დავით დოლიძე.
აღნიშნული საქმე დღემდე გაუხსნელია.
შსს : "აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს დაყაჩაღების ფაქტზე 179 მუხლის მეორე ნაწილით და 236 მუხლით, იარაღის უკანონო შეძენა -შენახვას ითვალისწინებს , გამოძიებას აწარმოებს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო."
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, 45 წლის ახალგაზრდა მამაკაცი 2013 წლის 14 სექტემბერს, დილით, მეზობლებმა ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს, მისი საცხოვრებელი სახლი კი დამწვარი ნახეს. გარდაცვლილს გულის არეში ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ალექსანდრე ღლონტის მეზობლები "გურია ნიუსთან" მკვლელობის ვერსიაზე საუბრობდნენ.
შსს: "აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 108 მუხლით და გამოძიებას აწარმოებს გურიის მთავარი სამხარეო სამმართველო."
ოზურგეთში, 2014 წლის 7 იანვარს, შობას, გამთენიისას, მ.კოსტავას ქუჩაზე მდებარე "ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურში, ყაჩაღობა მოხდა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ყაჩაღები ნიღბებით იყვნენ, ისინი სალაროში შევარდნენ და მორიგეები, რომლებიც საწვავს ასხამდნენ მანქანაში, წებოვანი ლენტის საშუალებით დააბეს და ხელ-ფეხშეკრული ძირს დაყარეს.
შსს: "აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 179 მუხლით მიმდინარეობს და აწარმოებს ოზურგეთის რაიონული სამმართველო."
ქალაქ ოზურგეთში, 2014 წლის 30 სექტემბერს წმინდა გიორგის ქუჩაზე მდებარე მანქანების შემკეთებელი პროფილაქტიკური ცეხი, თანამშრომლებს გაქურდული დახვდათ.
როგორც პროფილაქტიკის უფროსი, ვანო ზაქარიაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, ქურდები შემოვიდნენ ერთ-ერთ გარაჟში, გამოიღეს მეორე ოთახში გასასვლელი კედელი, სადაც იყო სეიფი, რომელშიც თანხა ინახებოდა.
"წაღებულია 700 ლარი და 6 000 ლარის ოდენობის მანქნანის ნაწილები. პოლიცია საქმის კურსშია და იმედი გვაქვს, რომ ქურდები მალე ნაპოვნი იქნებიან, ჩემი აზრით აქ 3 ან 4 მაინც მძარცველი მაინც", _ აღნიშნავს ცეხის მეპატრონე ვანო ზაქარიაძე.
შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ს.ს.კ. #177 მ. 2 ნაწილით მიმდინარეობს.
ოზურგეთში რამდენიმე დღის წინ ადრე დილით, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურთან არსებული სუპერმარკეტი გატეხეს და 600 ლარი მოიპარეს.
შსს: გამოძიება 177 მუხლით მიმდინარეობს, რომელსაც ოზურგეთის რაიონული სამმართველო აწარმოებს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩვენს მიერ აღნიშნული მძიმე საქმეები შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს ჯერ კიდევ არ გაუხსნია.