საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დავით დონდუა, გიგი გიგიაძე და ხათუნა თოთლაძე დაინიშნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნას ხელი მოაწერა.
მათივე ინფორმაციით, მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი დავით დონდუამ დაიკავა.
უწყების ცნობით, დავით დონდუა 2012 წლიდან დღემდე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა.
"მას აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი სტაჟი. დავით დონდუას გააჩნია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს თანამშრომლობისა და ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცალკეულ დეპარტამენტებს. 1998–2000 წლებში გახლდათ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2000 – 2005 წლებში იყო ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელი. ეწევა აკადემიურ საქმიანობას. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი", _ აცხადებენ საგარეო უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, გიგი გიგიაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობაზე 2000 წლიდან მუშაობს. მას აქვს ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება.
"წლების განმალობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ დეპარტამენტში. 2010-2012 წლებში ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა. 2012 წლიდან დღემდე გახლდათ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი", _ აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ხათუნა თოთლაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2002 წლიდან მუშაობს. მას, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს გააჩნია საერთაშორისო სამართლებრივ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2003 წლიდან საქმიანობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში. 2012 წლიდან დღემდე გახლდათ საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი.
მინისტრის მოადგილეების თანამდებობაზე ასევე რჩებიან დავით ჯალაღანია და ვლადიმერ გურგენიძე.