გუშინ ბრიტანულმა გამოცემამ „Evening Standart” გაავრცელა ცნობა, რომ მომავალი წლის ზაფხულში ჰოლანდიის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი რობინ ვან პერსი ამჟამინდელ კლუბს დატოვებს.
ბრაზილიაში დასრულებული მსოფლიო პირველობის შემდეგ 31 წლის შემტევმა ჩვეული სპორტული ფორმა დღემდე ვერ აღიდგინა. ამის გარდა ფეხბურთელი ფიზიკური მომზადების მხრივაც მოიკოჭლებს.
მანჩესტერული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი ვან პერსის ნიჭის დიდი თაყვანისმცემელია. ამის მიუხედავად თანამემამულის შველა არ შეუძლია, რადგან რობინი მინდორზე ვეღარ ბრწყინავს.
ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, მომავალი წლის ზაფხულში გუნდი ჰოლანდიელს გასაყიდთა სიაში შეიყვანს. ფეხბურთელს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოქმედი კონტრაქტის ვადა მხოლოდ 2016 წლის ივლისში უმთავრდება. სამწუხაროდ მას დროზე ადრე უშვებენ.
ცნობილი გახდა იმ თავდამსხმელების ვინაობაც, რომლებმაც მომავალ წელს რობინ ვან პერსი უნდა შეცვალონ. საუბარია ურუგვაის ნაკრებისა და „პარი-სენ ჟერმენის“ შემტევ ედინსონ კავანისა და გერმანიის ეროვნული გუნდისა და მიუნჰენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი თომას მიულერის შეძენაზე. ბრიტანელები უახლოეს თვეებში ამ მოთამაშეებთან მოლაპარაკებას წამოიწყებენ და იმედი აქვთ რომ რომელიმე მათგანს მანჩესტერში გადასვლაზე დაითანხმებენ.