წლევანდელი უჩვეულოდ თბილი და მზიანი შემოდგომა გურიაში ხეხილს განსაკუთრებით დაეტყო. ხელახლა ჰყვავის ტყემალი, ატამი, ვაშლმა კი ზოგან ხელმეორედ აყვავება და მოზრდილი ნაყოფის გამოსხმაც მოასწრო. მეურნე ადამიანების ნაწილი შიშობს, ეს დიდი და ცუდი ზამთრის მანიშნებელიაო, ბევრი კი პირიქით ფიქრობს.
ლეონიდე ლომჯარია, მეურნე: _ ასაკოვანი ადამიანი ვარ და არ მახსოვს, ამ დროს ჩემს ეზოში ვაშლს ხელმეორედ გამოესხას. ტყემლის აყვავებას კი მოვსწრებივარ. გამიგონია, მშრალი და უთოვლო ზამთარი იქნებაო, როცა ასე ხდება. მეტს ვერაფერს გეტყვით.
გულნარა ჯიშკიდონი, მეურნე: _ გურიაში ძველად ამბობდნენ, ასეთ შემთხვევაში, "ზამთარხმელობა" იქნება და მოსავალსაც ცუდი პირი ექნებაო. ეს უთოვლო ზამთარს ნიშნავდა. უთოვლო ზამთარი ზოგს მოსწონს, თუმცა, მოსავლისთვის ცუდია. წელს უჩვეულო შემოდგომაა _ ასეთი ნაკლებად მახსოვს.
აკაკი ღლონტი, სწავლული აგრონომი: _ დღევანდელ მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, ჩვენთანაც, კლიმატი ისე შეიცვალა, შედარებით ზუსტ მთვარის კალენდარსაც ვეღარ დაეყრდნობი უკვე _ აქაც ცდომილებაა. მეორე ყვავილობა მცენარემ შეიძლება დაიწყოს როგორც ცუდ, ასევე კარგ ამინდში. როცა ზედმეტად თბილი ამინდებია, მცენარის "გონს" ჰგონია, რომ დაუდგა ის დრო, როცა უნდა იყვავილოს და რა უშლის ხელს? ასევე, როცა ცუდი, ცივი ამინდია ადრეულ შემოდგომაზე, მაშინაც მუშაობს მისი "გონი" _ ფიქრობს, რომ ზამთარი გადის და უნდა მოამზადოს კვირტები გასაბერად. ასე რომ, ამით ცუდ ან კარგ ზამთარს ვერ ვივარაუდებთ. მთავარი მტერი კლიმატის ცვლილებისა ისევ ადამიანია მისი დაუდევრობით _ გაჩანაგდა ტყე, აქედან გამომდინარე შრება წყალი და შედეგი ისეთი დადგა, მკითხაობას ვიწყებთ. ასე გადატყავებული გურია ვის უნახავს ძველ ლიტერატურაში? სავსე იყო ტყეები წაბლის, ცაცხვის, წიფლის ხეებით. ამიტომ ყველა უნდა, ეცადოს მომგებიანი სატყეო კულტურები გააშენოს მახლობელ ტყეებში _ ვიღაცის ბრძანებას ან დახმარებას ნუ დაელოდებიან. დახმარების დაპირებით და მოლოდინით გააზარმაცეს ხალხი და თვითონ ხალხმაც გაიზარმაცა თავი. ნუ შეგაშინებთ ცუდი ზამთრის მოლოდინი. შარშან ზამთარი ძალიან კარგი იყო, დროული, თოვლიანიც, მაგრამ გაზაფხულის ყინვამ ვაზი და არა ერთი მრავალწლიანი კულტურა ყვავილობისას გაახმო. " ბუნება მბრძანებელია" და მუდმივად ჩვენ არ დაგვემორჩილება, თუმცა, მისი განადგურება როცა დავაპირეთ, შედეგიც დაგვიდგა. აწი მაინც გამოვფხიზლდეთ, მივხედოთ მას და "ხმელი" არც ზამთარი გვექნება და არც გაზაფხული.