BMW i8 ძვირი ელექტრომობილია, უფრო სწორედ, პლაგ-ინ ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი, რომელიც სიძვირის მიუხედავად, იმდენად პოპულარულია, რომ ბავარიული კომპანია მისი წარმოების გაზრდას აპირებს. პარალელურად, i8-ს აღიარებაც არ აკლია. ახლახანს ის წლის საუკეთესო ავტომობილად, ბრიტანულმა ჟურნალმა და გადაცემა „ტოპ გიარმა“ დაასახელა.
„ტოპ გიარის“ რედაქტორებმა ავტომობილს საუკეთესო შეფასება დაუწერეს: „ეს არის საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც დიდებული განაცხადია, რომელიც საინტერესო და დადებით მომავალს გვიჩვენებს“, – ამბობს გამოცემის მთავარი რედაქტორი ჩარლი ტერნერი და დასძენს, რომ i8 იმ ტიპის ავტომობილია, რომელიც ზეიმისთვის, რაღაც განსაკუთრებულისთვის განგაწყობს.
ბავარიულმა სუპერ ჰიბრიდმა ამ აღიარების მისაღებად, ძლიერი კონკურენტების ძლევამ მოუწია, თუმცა ტერნერი ამბობს, რომ ჟიურის ყველა წევრმა საკუთარ რჩეულად სწორედ ის დაასახელა.
BMW i8 კარბონის ბოჭკოსა და ალუმინისგან დამზადებულ მონოკოკურ შასიზეა ბაზირებული. მის ჰიბრიდულ სისტემაში, 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბო ძრავი და ელექტრო ძრავი შედის. პირველი უკან განლაგდა, მეორე კი – წინ. შიდაწვის ძრავი 231 ცხენის ძალას და 320 ნიუტონმეტრს იძლევა, ელექტრული კი – 131 ცხენის ძალას და 250 ნიუტონმეტრს. პირველს 6-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია უკავშირდება, მეორეს კი – ორსაფეხურიანი ავტომატური. ამასთან, ელექტრო ძრავს ენერგიით 7.1 კილოვატსაათი ტევადობის ელემენტების ბლოკი ამარაგებს.
ამ აღჭურვილობით, ავტომობილს ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად, 4.4 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ია. ასეთი მახასიათებლების მქონე ავტომობილი ას კილომეტრზე მხოლოდ 2.1 ლიტრ ბენზინს მოიხმარს. ელემენტების ბლოკში დაგროვილი ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ i8-მ დაახლოებით 37 კილომეტრის გავლა შეძლოს. კომბინირებულ რეჟიმში კი (როცა ელექტრო ენერგიას შიდაწვის ძრავთან დაკავშირებული გენერატორი გამოიმუშავებს) სვლის სიშორე 500 კილომეტრს აღწევს. დაკიდევ, ყოველი კილომეტრის გავლისას, ავტომობილი ატმოსფეროში მხოლოდ 49 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.