"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოში დანამატების თემაზე 3 თვეა მსჯელობენ:
_ თბილისის საკრებულო შეკრებისთანავე, განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს დაეთანხმა, რომ არ აიღებდნენ პრემიებს, რასაც ზარ-ზეიმით მოაწერეს ხელი.
ჩვენი მოთხოვნა იყო, რეგლამენტში ჩაწერილიყო, რომ საკრებულოს თანამდებობის პირები _ ფრაქციების, კომისიების თავმჯდომარეები და სპიკერატის წარმომადგენლები მაღალ შემოსავალს დაყაბულდებოდნენ. გარდა ხელფასისა, მათ ემსახურებათ მანქანა, აქვთ თვეში 500 ლიტრი ბენზინი, აქვთ პრივილეგიები.
თუმცა, ამის მიუხედავად პერმანენტულად გრძელდებოდა მცდელობა იმისა, რომ პრემიებზე უარის თქმის სანაცვლოდ მიეღოთ დანამატები.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისის საკრებულოში ძალიან უსიამოვნო ვითარება იყო და "რესპუბლიკელების" გარდა ყველა ფრაქცია, მათ შორის ოპოზიციაში გადასულად მიჩნეული "თავისუფალი დემოკრატები", რომლებმაც ბიუჯეტს ხმა მისცეს, დაინტერესებული არიან, დანამატები აიღონ და პრაქტიკულად ხელფასი გაიორმაგონ.
იყო მცდელობები, რომ რაც შემოსავალი აქვთ, იმაზე 100%-ით მეტი ჰქონდეთ და კიდევ სამ თვეში ერთხელ მიიღონ პრემია. როდესაც ამაზე დაიწყეს მსჯელობა, ჩვენი აქტიური ჩარევით მოხერხდა შეჩერება. ამ პროცესში ჩართული ვიყავით ჩვენ, თამარ კორძაია, თეა წულუკიანი. ჩვენი აქტიურობით ეს განსაკუთრებული მოთხოვნა ფრაქცია "ქართული ოცნებისა" და სხვა პარტნიორი ფრაქციების მხრიდან გავაჩერეთ.
ვფიქრობდით, რომ საკითხს ხელახლა არ წამოწევდნენ, მაგრამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე "შემოაპარეს". საკრებულოს თავმჯდომარე თავად ვერ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და უნდა ბიუროს თანხმობა.
პენსიონერს, რომ სამარცხვინო 10 ლარს უმატებ და თბილისის საკრებულოს ისედაც კარგად უზრუნველყოფილი თანამდებობის პირები დეპუტატებზე მაღალ ხელფასებს რომ აიღებენ, მათ არც პოლიტიკურ და არ მორალურ პრობლემას არ უქმნით, _ განაცხადა ბერძენიშვილმა.