"ირემო, მთასა მყვირალო, რამ ჩამოგაგდო ბარადა?
მეუღლე ჩემი მომიკლეს, დავხეტიალებ ცალადა!"
თუ მეხსიერება არ მღალატობს, ასე ჟღერდა ჩემი ბავშვობისდროინდელი სევდიანი ხალხური ლექსი. საახალწლოდ რატომ გავიხსენე?! იმიტომ, რომ 2014-მა წელმა მეც იმ ხარირემივით ცალად ხეტიალი მომისაჯა. ვსარგებლობ შემთხვევით და მართალია, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ გულწრფელი სურვილით ყველა ჩოხატაურელს მადლობას ვუხდი,
რომლებმაც ჩემთვის მძიმე დღეებში თანაგრძნობა გამომიცხადეს.
მინდა გჯეროდეთ, რომ ჩემთვის თქვენი თანაგრძნობა მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი იყო. ყველას მადლობას გიხდით, ყველას გეფერებით!
ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" დეკემბრის ნომერში პატარა ჩანახატი გამოვაქვეყნე, მეუღლის _ ნანას ხსოვნას მივუძღვენი. სათაურად "გაღიმებული ცრემლი" შევურჩიე.
მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩვენი ცხოვრებაც ესაა _ გაღიმებული ცრემლი. ხან ღიმილია და ხან ცრემლი. ცხოვრების წესია ეს და გვსურს თუ არა, ამას ყველანი ვეგუებით და ვემორჩილებით. მის წინაშე ყველანი უძლურები ვართ, მაგრამ სურვილები ხომ მუდამ ჩვენ ხელთაა?!
ჰოდა, სულ მალე კიდევ ერთი კალანდა შემოაბიჯებს გურიაში, გურულებო, და გულწრფელად გისურვებთ ახალ 2015 წელს ნაკლები ცრემლით და მეტი ღიმილით შემკული მენახოს თქვენი სახეები. დამიჯერეთ, ძალიან გიხდებათ!
გილოცავთ და ძველებურად მიყვარხართ!
თქვენი თემურ ჭკუასელი
(R)