მთავრობის მეთაურმა ჯანმრთელობის სამინისტროსა და პირადად მინისტრ დავით სერგეენკოს C ჰეპატიტის პროგრამის ამოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრს.
"წელს ჩვენი მთავრობისთვის მთავარი გამოწვევა საქართველოში C ჰეპატიტის სრული დაძლევა იქნება და ამიტომაც 2015 წელს ვაცხადებთ C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად,–განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერის განმარტებით, წლების განმავლობაში C ჰეპატიტის პრობლემა იყო დაუძლეველი და მისი გადაჭრა წარმოუდგენელი ჩანდა, თუმცა მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგად დღეს დაავადების სრულ დაძლევაზეა საუბარი.
„ჩვენ მალე დავიწყებთ უპრეცედენტო პროექტს, რომლის მიზანია არა მარტო მედიკამენტების მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. პროგრამაში ჩაერთვება საქართველოს C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქე და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის, პატიმრებისთვისაც. ჯანდაცვის სამინისტრო გაამკაცრებს რეგულაციებსა და კონტროლს დაავადების პრევენციისათვის,"– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, შეუერთდნენ მთავრობის კამპანიას, რათა საზოგადოების მობილიზაციითა და ჩართულობით საბოლოოდ გადაიჭრას C ჰეპატიტის პრობლემა.