თბილისში, 9 აპრილის ბაღში, საქართველოს სახალხო არტისტის, ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დაიდგა, რომელიც 16 იანვარს, საზეიმოდ გაიხსნა.
გამოჩენილი მსახიობის ძეგლის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი თაობის გამოჩენილი მსახიობები დაესწრნენ.
ოთარ მეღვინეთუხუცესი 2013 წლის 9 მაისს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტს, კინოსა და თეატრში შესრულებული აქვს რამდენიმე ათეული როლი. ოთარ მეღვინეთუხუცესს მინიჭებული აქვს რუსთაველის სახელობისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები. 1979 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. მსახიობი ასევე იყო არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურიატი.
ოთარ მეღვინეთუხუცესი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. გარდაცვალების შემდეგ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში დიმიტრი უზნაძისა და რომის ქუჩებს შორის მდებარე მოედანს ოთარ მეღვინეთუხუცესის სახელი ეწოდა. მსახიობის სახლთან კი მემორიალური დაფა გაიხსნა.