საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება „ბათუმის აეროპორტში“, 21 იანვარს, ბელორუსიიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ჰალის აიდოგანი (HalisAydogan) დააკავეს.
ანკარას ინტერპოლის მიერ, ჰალის აიდოგანი, მისი დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში 2010 წლის 16 აპრილს გამოცხადდა. მას ბრალად ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146/3-ე, 59/2-ე, 31-ე და 33–ე მუხლებით და თურქეთის ანტიტერორისტული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ჯგუფის მიერ ძალის გამოყენებით კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ამჟამად ჰალის აიდოგანი დაკავებული და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.