"ნაციონალურმა მოძრაობამ" გახმაურებული საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე პარლამენტში პროექტი შეიტანა.
"დღეს უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სახელით ჩვენ შევიტანეთ კანონპროექტი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
კომისიამ უნდა შეისწავლოს ის გახმაურებული, გამოუძიებელი საქმეები, რომელთა მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე ეხება შეკვეთილ მკვლელობებს და ისინი უკავშირდება ორგანიზებულ დანაშაულს ან/და იკვეთება პოლიტიკური მოტივაციები. ამ საქმეთა რიგს მიეკუთვნება: ვაზაგაშვილების საქმეები, თათუხაშვილის საქმე, კიწმარიშვილის საქმე, თელავში მომხდარი მაისურაძის შეკვეთილი მკვლელობა.
შეკვეთილი მკვლელობების არსებობა მიუთითებს საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებაზე. საზოგადოებას დასჭირდა სერიოზული ძალისხმევა, რომ დაეძლია 90-იანი წლები, კრიმინალის თარეში, ორგანიზებული დანაშაული, შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა შორისაც პოლიტიკური მკვლელობებიც ფიგურირებდა. დღეს არსებულ პოლიტიკურ ძალებს ეკისრება პასუხისმგებლობა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ წინა საუკუნის 90-იანების დაბრუნება", – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა.