"2013 წელს თბილისის ყოფილი მერის პირველი მოადგილის სევდია უგრეხელიძის ე. წ. როუმინგის ხარჯი შეადგენს 33 461 ლარს, თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავასი – 9670 ლარს", _ ამ მონაცემებს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტუტუტი" IDFI მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტუტუტი" მერიის თანამშრომლების სამივლინებო ხარჯების დეტალურ სტატისტიკას აქვეყნებს:
"2013 წელს ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯებიდან ყველაზე დიდი თანხა (188 056 ლარი) დახარჯულია მგზავრობაზე (ავიაბილეთები, მატარებლის ბილეთი, სხვა ტრანსპორტი). სასტუმროს მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 158 291 ლარი, დღიურმა ანაზღაურებამ – 78 990 ლარი, ვიზის ხარჯმა – 7 821 ლარი, ხოლო მივლინებასთან დაკავშირებულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა – 15 750 ლარი.
2013 წელს თბილისის მერიის სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა 449 335 ლარი, საიდანაც თანამდებობის პირების მივლინებებზე დახარჯულია 243 986 ლარი, ხოლო სხვა თანამშრომლების მივლინებებზე- 205 349 ლარი.
2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში სამივლინებო ხარჯები შეადგენს 369 265 ლარს, საიდანაც თანამდებობის პირების მივლინებებზე დახარჯულია 162 916 ლარი, ხოლო სხვა თანამშრომლების მივლინებებზე- – 206 349 ლარი.
2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში მგზავრობის ხარჯი (ავიაბილეთები, მატარებლის ბილეთი, სხვა ტრანსპორტი) შეადგენს 164 971 ლარს, სასტუმროს მომსახურების ხარჯი – 129 884 ლარს, დღიური ანაზღაურება – 69 410 ლარს, ვიზის ხარჯი – 4 975 ლარს. რაც შეეხება მივლინებასთან დაკავშირებულ წარმომადგენლობით ხარჯებს, როგორც მოწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა 2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია.
"სამწუხაროდ, თბილისის მერიის მიერ აღნიშნული ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული კონკრეტული თანამდებობის პირების მიხედვით – მივლინების თარიღის, მივლინების მიზნის და ქვეყნის მითითებით. შესაბამისად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას წარმოგიდგინოთ როგორ გადანაწილდა ზემოთ მოყვანილი თანხები ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებზე. თუმცა თბილისის მერიის მიერ დეტალურად იქნა მოწოდებული ინფორმაცია ე.წ. როუმინგის ხარჯების შესახებ. როგორც ირკვევა 2013 წელს თბილისის ყოფილი მერის პირველი მოადგილის სევდია უგრეხელიძის ე. წ. როუმინგის ხარჯი შეადგენს 33 461 ლარს, თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავასი – 9670 ლარს, ხოლო თბილისის ამჟამინდელი მერის მიერ 2014 წელს გაწეულმა როუმინგის ხარჯებმა შეადგინა 7295 ლარი", _ ნათქვამია IDFI -ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.