30 იანვარს, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გიორგი ფ. ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულმა გიორგი ფ.-მ "საქართველოს ბანკის" ფილიალიდან ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 2 500 დოლარი გაიტაცა. იგი სამართალდამცავებმა სარფში დააკავეს, როცა საზღვრის დატოვებას ცდილობდა.
დღეს კი, სოციალურ ქსელში შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილის ავრცელებს ინფორმაციას, რომ დიდუბე-ჩუღურეთის IV განყოფილების უბნის ინსპექტორი, მოქმედი პოლიციელი, ფუხაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლომ, "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღებისთვის გაასამართლა.
თბილისის საქალაქო სასამართლო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 2 თებერვალს გიორგი ფუხაშვილი ნამდვილად გასამართლდა და მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
"გიორგი ფუხაშვილს შეეფარდა პატიმრობა, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა – სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი სიცოცხლისთვის ჩადენილი დანაშაულისთვის", _ განუმარტეს "გურია ნიუსს" საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებაში ინფორმაციას იმის თაობაზე, ნამდვილად იყო თუ არა ყაჩაღობისთვის გასამართლებული გიორგი ფუხაშვილი მოქმედი პოლიციელი, პასუხის გაცემას თავს არიდებენ.
"გურია ნიუსმა" რამდენჯერმე სცადა კვლავ დაკავშირებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეტი ინფორმაციის მისაღებად, ზემოთ აღნიშნულის დადასტურების ან უარყოფის მიზნით, თუმცა უწყების პრესსამსახურში სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.