უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს განსაკუთრებული დამსახურების მქონე პროფესორ-მასწავლებლებისთვის ფულადი ანაზღაურების დანიშვნის უფლება მიეცემა, რათა მათ ცხოვრების და არსებობის ღირსეული პირობები ჰქონდეთ. ცვლილება, რომელიც "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში შედის, დღეს განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
"უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებობის მანძილზე, მუდამ მწვავედ იდგა და დღესაც დგას იმ აკადემიური პერსონალის სოციალური უზრუნველყოფის, დამსახურების სათანადოდ დაფასების ფორმის შერჩევის და ამოქმედების საკითხი", -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე კიღურაძემ.
მისივე განმარტებით, კანონპროექტი უნივერსიტეტებს ვალდებულებას კი არ აკისრებს, არამედ შესაძლებლობის ფარგლებში, უფლებას აძლევს, დამსახურება სათანადოდ დაუფასონ აკადემიურ პერსონალს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ანაზღაურების წესსა და პირობებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები დაადგენს. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.