პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.
უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლა პ ვნებათაღელვის საგანი გახდა.
აკაკი ბობოხიძემ თავის გამოსვლაში წყალტუბოს სოფლების პრობლემებზე ისაუბრა და ამ პრობლემების შექმნაში ხელისუფლება დაადანაშაულა.
მან აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ამ საკითხის მოგვარება სთხოვა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ თავის განცხადებაში ყურადღება საერთაშორისო ფორუმებზე ნაციონალური მოძრაობის წევრების გამოსვლებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ისინი საერთაშორისო არენაზე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ „რაც შეიძლება ცუდად წარმოჩნდეს საქართველოს იმიჯი. საქართველო წარმოჩნდეს ქვეყანად, სადაც კრიმინალია გაზრდილი, კლავენ ბიზნესმენებს, უნიათო და უსუსური მთავრობაა და სადაც არაფერი კეთდება. რეალური ინვესტორიც ფიქრობს, რატომ უნდა ჩადოს ფული იმ ქვეყანაში, რომლის წარმომადგენლები, დეპუტატები და სხვა, ასე წარმოაჩენენ ამ ქვეყანას. პრობლემა ისაა, რომ ამით ნაცმოძრაობა ფაქტობრივად თავის ქვეყანას – საქართველოს ებრძვის“.
დეპუტატის თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა მედიის თავისუფლების საკითხი და საქართველო მოხსენიებული იყო იმ ქვეყნებს შორის, სადაც მედიის თავისუფლების მხრივ ნორმალური და კარგი მდგომარეობაა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა „მოახერხეს“ და ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილი მედიის თავისუფლებას დაუკავშირეს, მაშინ როდესაც ამ ადამიანს ბოლო წლებში მედიასთან არანაირი შეხება ჰქონია.
"მინდა ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის კეთილდღეობაში კი არ არის დაინტერესებული, დაინტერესებულია იმაში, რომ ძირი გამოუთხაროს ქვეყანას და ხელი შეუშალოს ინვესტიციების შემოსვლას საქართველოში", – განაცხადა გუგული მაღრაძემ.