პარლამენტის ეფექტიანობის ხარისხის გასაუმჯობესებლად, შესაძლოა, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ვადამ 2016 წლის ოქტომბრიდან 2015 წლამდე გადმოიწიოს. ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ წრეებში უკვე საუბრობენ.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ალბათობა არ გამორიცხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც, როდესაც 28 იანვარს „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „არაფერი უნდა გამოვრიცხოთ და თუ პროცესები ისე განვითარდა, რომ ამის აუცილებლობა დადგება, არაფერი ამაში კატასტროფა არაა“.
ამის შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: თუ გამოვლინდა, რომ პარლამენტის ეფექტიანობის ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ვადამდელი არჩვენები, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს.
„საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში სირთულეები არის, თუმცა, ეს სირთულეები ჯერ არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ ეტაპზე ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. თუ ეს სირთულეები გაღრმავდა, მაშინ შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე“, _ აღნიშნა კობახიძემ.
არჩევნების ჩატარების ერთ ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი კომპონენტი კი ამომრჩეველია, რომლის საერთო რაოდენობა მუდმივად იცვლება.
იმ შემთხვევაში კი, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გადაწყდება და ის 2015 წელს დაინიშნება, საარჩევნო სიების განახლება ვერ მოესწრება. არჩევნებზე ძველი საარჩევნო სიებით გასვლა მოგვიწევს იმ შემთხვევაშიც, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის აპრილამდე დაინიშნება.
საქმე ისაა, რომ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე მოქალაქეთა ახალი, სრული მონაცემები მზად 2016 წლის აპრილში ექნება.
ცნობისთვის, საარჩევნო სიები ბოლო პერიოდში ჩატარებული არჩევნების ხმაურიანი განხილვის საგანი გახლდათ. საარჩევნო სუბიექტები ხშირად აპელირებდნენ, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა დაუზუსტებელი და არასრული იყო.
2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სიების ნაწილობრივ დაზუსტება მოხდა, თუმცა, 2013 წლის საპარლამენტო და 2014 წლების თვითმმართველობის არჩევნებისას, სიების საკითხი კვლავ განხილვის საგნად იქცა.
2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ჩატარებულიყო საყოველთაო აღწერა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობას დაადგენდა, ამასთან პასუხებს გასცემდა ისეთ კითხვებს, როგორიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა.
2013 წლის 2 აპრილს საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის სხდომამ, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა განიხილა და დაამტკიცა საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა.
აღწერის სამუშაოებზე ჯამში 18 მილიონი ლარი იხარჯება, მათ შორის 2 მილიონი გრანტია, ხოლო 8.8 მილიონი ლარი საბიუჯეტო დაფინანსება.
რაც შეეხება ამომცეველთა რაოდენობის აქამდე არსებულ მონაცემს, ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 იყო; 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას 3 537 719, ხოლო თვითმმართველობის არჩევნებისას 3 429 748.
საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მიხედვით, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე ცესკოა პასუხისმგებელი.
ამომრჩეველთა ერთიანი სია კი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა შესახებ მონაცემების საფუძველზე დგება.
ეს დაწესებულებები წელიწადში ოთხჯერ – ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და 1 ნოემბერს − საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ ახალ მონაცემებს ცესკოს გადასცემენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-13-დან მე-10 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ კი, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა, ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში.
მოასწრებს თუ არა სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და ცესკოსთვის მიწოდებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია. ასევე არ არის ცნობილი, შევა თუ არა კანონში ცვლილება ვადის გადაწევასთან დაკავშირებით.
როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რაც შესაძლებელია, როგორც სიების წარდგენის ვადებს, ასევე ინფორმაციის სახეობების მიწოდების მიმართულებასაც შეიძლება შეეხოს.
„სიების წარდგენის ვადების ნორმა საარჩევნო კოდექსში დიდი ხანია მოქმედებს, თუმცა ამისთვის ხელი არ შეუშლია აღწერის ჩატარება–არჩატარების საკითხს. სხვა დროს აღწერა ჩატარებული არ იყო, მაგრამ სხვადასხვა უწყებები, რომლებსაც ვალდებულება აქვთ ცესკოს ამომრჩევლის სია მიაწოდონ, ამ ინფორმაციას მაინც აწვდიდნენ“, _ ამბობს ალაფიშვილი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსი პაატა შავიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 2016 წლის აპრილში საქსტატმა საბოლოო მონაცემები უნდა დადოს. შესაბამისად, აპრილიდან რა ღონისძიებასაც დაგეგმავს სახელმწიფო და მთავრობა ამ მონაცემებს გამოიყენებს.
„რაც შეეხება დღეის სამუშაოებს, კითხვარები უკვე მოგროვებულია ჩვენს ოფისში და მიმდინარეობს მისამართების დაზუსტება. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი დაიწყება კომპიუტერული დამუშავება. მონაცემებს დაახლოებით 300 ადამიანი 6-7 თვის მანძილზე კომპიუტერში შეიყვანს. 2015 წლის აპრილში კი, დავდებთ წინასწარ მონაცემებს – რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. რაც შეეხება 2016 წელს, კითხვარში არსებული ყველა მონაცემი უნდა გამოვაქვეყნოთ“, _ აღნიშნავს შავიშვილი.