საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, “გურია ნიუსის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას “თოლიებიც კი მეთევზეებზე უკეთესი პირობებით სარგებლობენ” ეხმაურება.
სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
"სტატიაში ნათქვიამია, რომ ტრადიციულ მეთევზეებს წელიწადში რამოდენიმეჯერ უწევთ ქ. ბათუმში ჩასვლა ტექდათვალიერებისა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში მცურავი საშუალების რეგისტრაციის გავლისათვის; აქვე მითითებულია რეგისტრაციის საფასური 10 დღიანი ვადისთვის – 20 ლარი, ხოლო დაჩქარებული რეგისტრაციისთვის – 80 ლარი – ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. გამომდინარე იქედან, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ითვალისწინებს მეთევზეთა სოციალურ მდგომარეობას, უპირველეს ყოვლისა მცურავი საშუალების რეგისტრაცია ხდება მხოლოდ წელიწადში ერთხელ და იგი გაიცემა სრულიად უფასოდ 10 დღის ვადაში.
ასევე, სააგენტომ დაუშვა გამონაკლისი რაც გაუადვილებს სხვა ქალაქში მცხოვრებ მეთევზეებს საბუთების გატანის პროცესს: რამოდენიმე მეთევზე მეზღვაურს შეუძლია შემოიტანოს მცურავი საშუალების რეგისტრაციის საბუთები ერთად და შემდეგ, გატანის დღეს მოვიდეს მხოლოდ ერთი მათგანი და გაიტანოს ყველა დანარჩენის საბუთი. სააგენტო მუდმივად ცდილობს გაითვალისწინოს მეთევზეთა პრობლემები და არაერთი შეხვედრა გაიმართა მეთევზე მეზღვაურებთან, რათა გათვალისწინებული ყოფილიყო მათი პოზიცია ამა თუ იმ საკითხის მიმართ. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ, თარიღდება 2013 წლის 15 ოქტომბირით.
ხოლო ძალაში შედის 2016 წლის პირველ იანვარს. აღნიშნული ბრძანება მეთევზე მეზღვაურებს უწესებს რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობის მინიმალურ მოთხოვნებს, რაზეც სააგენტო მეთევზე მეზღვაურებთან დიალოგის და მათთან გამართული შეხვედრების შედეგად შეჯერდა. ყოველივე ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ მათივე უსაფრთხოებისთვის და კიდევ ერთხელ ყველა გერემოების გათვალისწინებით, რის გამოც მეთევზე მეზღვაურებს მიეცათ 3 წლიანი საშეღავათო პერიოდი აღჭურვილობის შესაძენად.“