ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია "დავით თარხან-მოურავი პატრიოტთა ალიანსის" დაშლასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა ამ ფრაქციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარე ემზარ თედორაძემ.
როგორც მან "გურია ნიუსს" განუცხადა, ფრაქციის დატოვების მიზანი საკრებულოში სამომავლოდ უფრო დამოუკიდებლად მუშაობის გაგრძელება იყო.
"მე მინდა მადლობა გადავუხადო "პატრიოტთა ალიანსს" იმ ნდობისთვის, რომელიც თავის დროზე გამომიცხადა. მეც მიმიძღვის თავისი წვლილი იმ პარტიულ მუშაობაში, რომლითაც ამ პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე არც თუ უმნიშვნელო შედეგი აჩვენა. მე წარმატებას ვუსურვებ სამომავლოდ ამ ადამიანებს, მაგრამ დადგა დრო, რომ მათ გავემიჯნო მხოლოდ იმ მიზნით, რომ ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, გარკვეულწილად ხელი არ შემეშალოს იმ გეგმების განხორციელებაში, რაც მე, როგორც აცანის თემის მაჟორიტარს ამომრჩევლის წინაშე გამაჩნია.
ჩემი აცანელი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ვალდებულება მაქვს ვითანამშრომლო ყველა ძალასთან და მათ შორის სახელისუფლებო ორგანოებთანაც. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება შევქმნა ახალი ფრაქცია, რომელიც არ გაატარებს რომელიმე პარტიის ინტერესს და იქნება თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში", _ აღნიშნა თედორაძემ.