ამერიკული ბრენდი "დანქინ დონატსი" ქართველ მომხმარებელს სამარხვო მენიუს შესთავაზებს, თუმცა კონკრეტული დრო, როდის დაიწყებენ სამარხვო პროდუქტების გაყიდვას, ჯერჯერობით უცნობია.
უკანასკნელ დღეებში, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დანქინ დონატსი“ ქართველ მომხმარებლებს სამარხვო დონატებს შესთავაზებს, რასაც კომპანიის პრესსამსახურში ვერ ადასტურებენ.
როგორც "გურია ნიუსს“ „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, "დანქინ დონატსის“ ჯგუფი, არა კონკრეტულად სამარხვო დონატების შექმნაზე, არამედ, სამარხვო მენიუს შედგენაზე მუშაობს.
"სამარხვო მენიუზე მუშაობა უკვე დაწყებულია. კონკრეტული თარიღის დასახელება, თუ როდის იქნება ჩვენს ქსელებში სამარხვო მენიუს შეძენა შესაძლებელი, მიჭირს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქ საუბარო არ არის მაინცდამაინც სამარხვო დონატებზე. თუმცა, არც ამას გამოვრცხავთ“, _ განაცხადეს „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ცნობისთვის, "დანქინ დონატსის“ ქსელმა საქართველოში მუშაობა 2015 წლის 13 იანვარს დაიწყო. რამდენიმე დღეში კი, თბილისში, „თავისუფლების მოედანზე“, "დანქინ დონატსის“ ახალი ქსელი გაიხსნება, სადაც დონატების გარდა, მომხმარებლებს სხვა სახის პროდუქტის შეძენაც შეეძლებათ.