ოზურგეთის შპს "აგრარული ბაზრის" საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში საზოგადოების მიერ არაერთხელ იყო განხილვის საგანი , დღეს ისევ ბიზნეს-ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
მოვაჭრეებსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება და ურთიერთანგარიშსწორება, ხშირად შპს-ს, როგორც იურიდიული პირის ყოფნა არყოფნის მდგომარეობას განსაზღვრავდა. იყო დირექტორების გამუდმებული ცვლა, ბაზრის მოვაჭრეების "გამოსახლება-ჩასახლების" გაუთავებელი პროცესი, ზოგჯერ "ახალ ბაზარში" "გადასახლების" მიზნით, ხოლო ზოგჯერ კი ტერიტორიის პრივატიზაციის და ახალი სამშენებლო ობიექტის დაპროექტების საბაბით.
შპს "აგრარული ბაზრის" ტერიტორია და თვით შპს-ს საქმიანობა, მუდამ იყო და დარჩა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ყურადღების საგანი.
იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს პირდაპირი განკარგვის წესით, გოჩა სალუქვაძისთვის ბაზრის ტერიტორიაზე 160 კვ.მ. 35 წლიანი იჯარით გადაცემაზე თანხმობა მისცეს, ბაზრის მოვაჭრეებში აჟიოტაჟი გამოიწვია. ორი დღის წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოვაჭრეებთან შესახვედრად იმყოფებოდა ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე.
ოზურგეთის შპს "სავაჭრო ცენტრში", აგრარული ბაზრის ტერიტორიიდან, მოვაჭრეები დაგვიკავშირდნენ და დახმარება გვთხოვეს.
მათი მთავარი კითხვა იმას ეხება, რომ ყველა მთავრობის პირობებში ბაზრის საკითხია აქტუალური და ვერ მოხერხდა ისე, რომ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ.
დალი სალუქვაძე: "ჩემს სახლში სამი უმაღლესდამთავრებული ცხოვრობს, გამოცდები ჩააბარეს, მაგრამ სხვას მეტი პატრონი გამოუჩნდა და ჩემები სახლში სხედან უპატრონობის გამო, ჯერ დაგვასაქმოს და მერე დაიწყოს მშენებლობა ამ ტერიტორიაზე, იყიდა კერძო პიროვნებამო და უნდა ააშენოს მაღაზიებიო, ეს არის ბაზარი და დააყენონ! მაღაზიებისა და კომერციულების მეტი რა არის, მშიერი ხალხი ღია ცის ქვეშ, ქუჩაში ვართ დაყრილები, წვიმაში, ყინვაში სიცხეში და აქაც არ გვაყენებენ? დღეს მწვანილი გავიტანე ბაზრიდან გარეთ დავჯდები მეთქი და არ გამაჩერეს, აქ მაინც დაგვაყენონ."
მერაბ ხომერიკი: "ჩვენ აქ ვინც ვართ ახლა, გუშინ არცერთი არ ვყოფილვართ , როცა მოვიდა ქალაქის მერი მოვაჭრეებთან შესახვედრად, საშინელი წვიმიანი ამინდი იყო და სპეციალურად მოვიდა, რომ ნაკლები მოვაჭრე დახვედროდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში გვაგდებენ, ყურადღება მიაქციოს მთავრობამ უნდა ასეთ გაჭირვებულ ხალხს, თორემ მშიერ ხალხის გადარევა და დამთავრებულია მაგათი პარპაში, არც სახელისა და გვარის თქმა მრცხვენია და არც არავის არ მეშინია! ერთი მოვიდა დაშალა, მეორე მოვიდა იყიდა, მესამე მოვიდა გვყრის, დაგვანებონ თავი!"
ნატო ასანიძე ქალაქ ოზურგეთის მერის მისამართით საუბრობს და აღნიშნავს, რომ "როგორც მოიყვანეს, ისე გაუშვებენ".
"როგორც მოვაბრძანეთ ისე გადავაბრძანებთ, წავალთ თბილისში და იქ გავარკვევთ მაგ საქმეს, რას ჰქვია, აქედან გვყრიან? ვის უნდა ჩავუგდოთ ხელში? ავუჭედავთ კარებს და გამოვაგდებთ იქედან.
გინდა 35 წლით მიგიცია და გინდა გიჩუქებია. არც იფიქროს, რომ შეგვეხება და ამ ბაზრის უფროსს კიდევ, რომელიც მოვიდა და ასე გვითხრა, ჩემი ძმაკაცია ბეგი და აბა არ გავაკეთებინებო? მაგათ ვაჩვენებთ ჩვენს ძმაკაცობას."
ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ამბობს,რომ ის ბაზარს არ ჰყიდის და მოვაჭრეები ჭორებს არიან აყოლილები.
"ნუ დაუჯერებთ ჭორებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ თქვენში პანიკა გამოწვიონ. თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ დაგარწმუნოთ, მე არ ვყიდი ბაზარს. პირიქით, ჩემი სურვილია მოვაწესრიგო ეს ტერიტორია და მუშაობისთვის ნორმალური პირობები შეგიქმნათ", – აღნიშნა სიორიძემ.