ხახუტა თოთიბაძეს წარდგენა არ სჭირდება, განსაკუთრებით გურიაში. იუმორით გამორჩეული ხახუტა ოზურგეთის კოლორიტის სტატუსს ღირსეულად ატარებს.
იგი 70 წლისაა. მის თავს გადახდენილი ისტორიები იუმორის ნამდვილი მარგალიტებია. მით უმეტეს, თუკი ამას თავად ყვება.
არ გჯერათ? _ ეს სტატია ბოლომდე წაიკითხეთ. ხაზზეა ხახუტა თოთიბაძე საკუთარი ისტორიებით:
პრეზიდენტის გადასარჩენად
პრეზიდენტის გადასარჩენად საჭირო გახდა მამალი ჭიანჭველას გულ-ღვიძლი. პრობლემაა უკვე _ სად ვიშოვოთ და ა.შ. ერთმა გურულმა მე მოგიყვანთო. გადარჩა პრეზიდენტი. გაკვირვებულმა ექიმმა თუ ძმა ხარ, არ გაგიბაზრებ, როგორ გაარჩიე მამალი დედლისგანო.
მაგაზე იოლი რაა ძამა, შევედი ჭიანჭველების სადგომში და ვიყვირე _ ჭიანჭველებო! პრეზიდენტი გვიკვდებაო!
ერთმა დაიძახა: ამ ჩემ ყ…სო.
ვეცი ბატონო ჩავჭიდე ხალი და აგერ მოგიყვანეთ!"
რჩევა სტომატოლოგს
სტომატოლოგმა ჩემს მეგობარს 4000 ლარი მოსთხოვა კბილების ჩასმაში. მაგ ფასად დაიქირავე ვინმედა დააღეჭინე, რა გეჩალიჩება მეთქი… დამიჯერა.
კაჩინსკის თვითმფრინავი
ჩემი მეუღლის ნათესავი სახის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ პირდაპირ ჩვენთან მოვიდა _ დაბინტული, ჩალურჯებული, სახელით თუ იცნობდი. ცოტა ხანს თქვენთან დავრჩები ოჯახი გადამერევაო.
მეორე დღეს ძმაკაცი მესტუმრა, რა თქმა უნდა ვერ იცნო, ვერც მიხვდა რა სჭირდა, დაბნეულმა შემომხედა _ რა მოუვიდაო.
კაჩინსკის თვითმფრინავში იჯდა მეთქი.
_ხო..ხო რა უწვალიაო, _ ქალბატონმა ტაქსი გამოიძახა.
კაი ძმა
ჩემს ძმას როლანდის პარტიაში შესვლაზე უარი უთხრეს, მასეთი ძმის პატრონი პარტიულობას როგორ ითხოვო… ძნელად აღსაზრდელთა სიაში ვიყავი. მაშინ, მე მყავს კაი ძმაი და მე მიმიღეთო, შევუთვალე მდივანს.
დაჭრილი მეზობელი
ერთხელ დაჭრილი მეზობლის მოსანახულებლად წავედი საავადმყოფოში, ტყვია უკანალში მოხვედროდა.
_ ნახე ბიჯო რა დამემართაო, შემომჩივლა…
_ არ გქონია ავთოია ძამა ბედი. მაი ტყვია თავში რომ მოგხვედროდა, ხომ იქნებოდი ახლა ფეხზე მეთქინ…. ძლივს გამოვასწარი…
ხაშზე
ხაშზე ვართ ვოვასთან დაპატიჟებული, ჭიშკრიდან ვიძახი: მაინძელო!!! ჩამოით, ჩამოით… ავთო აშობილია? _ ვიკითხე მის ძმაზე… დავრჩი უხაშოთ……
27 ნოემბერი
ანტუშა მახარაძემ 27 ნოემბერს ვერ ჩართო გათბობა ოზურგეთის სკოლებში. ქალაქკომში დაიბარეს ტყავის გასაძრობად.
_ რა ვქნა ბატონო თავმჯდომარე, მთლათ მტყუანი არ ვარ _ დენს, მაზუტს და წყალს ერთად თავი ვერაფრით ვერ მოვუყარეო…
გადარჩა გაროზგვას…
ყველა ბიუროზე
ოზურგეთში, შემოდგომაზე ივსებოდა ქალაქი ახალი ვოლგებით. ძირითადათ რუსეთიდან შემოყავდათ. რაიკომს გაუჩნდა სატკივარი, მდივანი ცოფებს ყრის….
_ ყველა ბიუროზე! ყველამ სამსახური დატოვოს!
მდივნის მოსაცდელში არის დიდი კრიახი. სამდივნოში როცა შევედი, სულ სხვა საქმეზე, ბიუროს ოთახიდან ჩემი მეგობარი, უკვე ყოფილი დირექტორი გამოდიოდა.
_ რა იყო, რა დაგემართა, _ ვკითხე.
_ მანქანა რომ ჩამოვიყვანე იმიზა გამათავისუფლესო.
_ ბიჭო, მე უარესად მქონია საქმე, ცოლი მყავს ჩამოყვანილი რუსეთიდან.
ორ წუთში მდივანმა ჩემი ნათქვამი იცოდა. შედეგ "დამნაშავეებს" სიცილ ხარხარით გაფრთხილება მისცა პირად საქმეში შეტანით. ბიუროს სხდომამ რესტორან "გურიაში" გადაინაცვლა.
ოპერატიულად გადაწყვეტილი საკითხი
განცხადებით მივედი ჩემს მეგობართან, რომლის სამსახურია საქართველოს სსრ ენერგეტიკის სამინისტრო.
"დასავლეთ საქართველოს ენერგეტიკის რეგიონალური გაყოფილების ქალაქ ოზურგეთის ფილიალის დირექტორს ამხ. რენო ურუშაძეს: დასავლეთ საქართველოს ქიმიზაციის საპროექტო საძიებო სადგურის დირექტორის მოადგილე მშენებლობისა და არქიტექტურის დარგში, ხახუტა თოთიბაძის განცხადება
გთხოვთ მომცეთ უფლება ჩემს ეზოში ტყემლის მოჭრის"
_ მერე? დაჰკარი ცული და მოჭერი! ჩემთან რა გინდა! _ მეუბნება უფროსი.
_ მოვჭრიდი მარა, შენი სტოლბაა მიბმული ზეთ!
_ ოოო… მძიმე შემთხვევაა, ჩაფიქრთა რენო _ მაგ ტყემლის გვერზე ბალი ხომაა? ხოდა მიამბი ზეთ! მომკალი ამ სიგრძე განცხადების კითხვით.
ასე ოპერატიულად ოზურგეთში არც ერთი საკითხი არ გადაწყვეტილა! დღესაც მიბმულია.
თვენახევრით გაშორებული მეუღლე
ცოლი მირეკავს თბილისიდან, ცოლისდასთან ერთად.
_ რას მივაწეროთ ასეთი ყურადღება დედაჩემის მიმართ? _ დღეში თურმე 7-8 ნაყინს აჭმევ.
_ კი არ ვაჭმევ ყინულს ვაჩვევ! _ ვუპასუხე მე.
ასე გამშორდა მეუღლე… თვენახევრით.
თბილისობაზე
თბილისქალაქობაზე ვართ ჩამოსული, დავალება გვაქვს მოცემული ოზურგეთის რაიონი კარგად უნდა წარმოვაჩინოთ. მიხაკოს დამატებით დაავალეს ჩვენი კონტროლი. სასტუმრო აჭარაში გვერდი- გვერდ დაბრონა ნომრები. სასტუმრო სავსეა ტურისტებით, ქალთაცვენაა რუსეთიდან… შევუდექით მარა რა შევუდექით… ვის ახსოვს თბილისქალაქობა. მიხვდა მის გასაჭირს მიხაკო… უკვე წლებში იყო.
_ ბიჯო, ხახუტია, აია საქმე? 32 ნეკნი რათ მინდოდა, ერთი ძვალი იქანე მქონოდა არ ჯობდა?
ღამეში ორჯერ
ვაკიჯვაში ჩემმა მეგობარმა სახლი აიშენა 3 სართულიანი. როცა ხარაჩო მოხსნეს კიბე დავიწყებიათ. დაძახილი ვარ მდგომარეობის გამოსასწორებლათ.
გაწყვა სუფრა, თამადაა სოფლის კოლორიტი, მურმანა ქადეიშვილი.
_ ამ სოფელში ძამა, მეტად დუუჯერებელი ხალხი ვცხოვრობთ. ერთხელ, ბირჟაზე ჩვენი 86 წლის მეზობელი გადმევიდა, _ ყვება ქადეიშვილი და აგრძელებს: ხომ ხარ ბაბუ კარგათ, რას ჭამ, რას სვამ, ღამე რამდენჯერ შობი…
_ ჰაიტ! ჯერ რა მჭირს მაგის საკითხავი! _ გაბრაზდა ყაისარა. შვილების დაფიცებით ბეჭედი დაუსვა მის ვაჟკაცობას და გუუყვა მის გზას.
დაიდო სანაძლაო, იზამს, ვერ იზამს. გადაწყტა! ოლინკას (მეუღლეს) დასტყუონ სიმართლე. დაიწყო ოლინკაზე ნადირობა და მიჩიხეს ჭასთან.
_ ოლინკა ბებია შვილები რომ არ დაეფიცებია ამას არ გეტყოდით. მათლა შობა ღამეში ორჯერ? _ ეკითხებიან ოლინკას.
_ კი ნენე, ორჯერ შობა _ 11-მდე იფსამს ქვეშ და11-ს მერე იჯვ….მს.
ასეა ამ კიბის ამბავიც ჩემო ხახუტა, დუუჯერებლობა! _ ამიხსნა თამადამ.
მილიციაში
მილიცის უფროსმა პოლიციელი გამოაგზავნა ჩემს წასაყვანად. მილიციას რომ მივუახლოვდით თავის გამოჩენის მიზნით პოლიციელმა უხეშად წამიბიძგა და კარებში შემადგო _ მისი სიმკაცრე დაანახა უფროსს.
_ შე დურაკო, ყოველ 3 წელიწადში კონიაკს ემატება თითო ვარსკვლავი და 20 წელია დადიხარ ამ პუსტა- პუსტა პაგონებით! არავინ გყავს ახლობელი რომ გითხრას აბდალი ხარო?_ ვერ დავმალე გაბრაზება.
გაგრძელება იქნება