ა.(ა)ი.პ. -ის სპორტულ-გამაჯანსაღებელი, საცხენოსნო განყოფილებას (ადრე საცხენოსნო კლუბი "მარულა" იყო) ახალი უფროსი ჰყავს. მერაბ გორგასლიძის წასვლის შემდეგ, ეს ადგილი ავთო მარტიკოვმა ჩაიბარა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საცხენოსნო განყოფილებაში ახალი გეგმების განხორციელება იწყება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლელა საჯაიამ , ა.(ა)ი.პ. კულტურის, სპორტის და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ სირბილაშვილთან და მასმედიის წარმომადგენლებთან ერთად ყოფილი საცხენოსნო კლუბს ეწვია და ადგილზე გაეცნო თუ რა პრობლემები არის დღესდღეობით იქ.
ავთანდილ სირბილაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა 36 ათას ლარს შეადგენს და რომელშიც იქ მომუშავეთა ხელფასები და ცხენების გამოკვებისთვის საჭირო თანხაც შედის.
"პირველ რიგში მოხდება წყლის შემოყვანა, ცხენებისთვის საშხაპის და რაც მთავარია ე.წ. მანეჟის გაკეთება, აუცილებლად უნდა შეიღობოს ეს ტერიტორია და შეკეთდეს სახურავი ცხენების სადგომისთვის." – თქვა მედიის წარმომადგენლებთან ავთანდილ სირბილაშვილმა.
"კარგი იქნება ვეცადოთ და ცხენზე ჯირითის სწავლების კურსი ჩამოვაყალიბოთ, ხოლო თუ მოვახერხებთ და შევიძენთ სპეციალურ უნაგირებს, ამ სერვისით სარგებლობა შეეძლება შშმ პირებსაც. სწორედ ასეთი ინოვაციების დანერგვით დაიტვირთება ეს ადგილი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციით" – გვითხრა ლელა საჯაიამ.