დღეს ჩვენს ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაში ოზურგეთიდან 500 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოყვა.
ჩვენ ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ და აქციის მონაწილეების გასვლის ადგილის დაზუსტება ვცადეთ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე ჩვენთან საუბრის დროს, ზუსტად არ ამბობს, თუ, კონკრეტულად, რა ადგილიდან მოხდება 500 ადამიანის გამგზავრება ოზურგეთიდან თბილისში:
_ ხელშეკრულება არის გაფორმებული სამგზავრო ავტობუსის მფლობელთან და შესაბამისად მას აუნაზღაურდება ტრანსპორტირების თანხა. აქციაზე წასვლის 500 მსურველმა მოგვმართა და ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ წასვლას თბილისში. თუმცა, მაქვს ინფორმაცია, რომ მსურველების გარკვეული ნაწილი საკუთარი ხარჯებით მიდის _ რაღაც ნაწილი დღეს წავა, რაღაც ნაწილი _ ხვალ დილით. მაგალითად, მიდიან მატარებლით, მანქანებით და ა. შ. _ გვითხრა დავით მჟავანაძე, რომელმაც მაინც არ გაგვიმხილა, სად მოახდენს „ნაციონალური მოძრაობა“ აქციაზე წამსვლელთა ტრანსპორტირების ორგანიზებას.