საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია სუს-ის მიერ ოპოზიციის წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტების დასახელებას ითხოვს.
ამის შესახებ იზორიამ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციის მხარდამჭერებს სუს-ის თანამშრომლები აშინებდნენ, რათა 21 მარტს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე არ ჩასულიყვნენ.
"მე მინდა ერთი კონკრეტული ფაქტი დაგვისახელონ ამასთან დაკავშირებით. როდესაც საუბარია ოპონენტების მხრიდან შემდეგი ფრაზებით: გამიგონია, მსმენია, მაგრამ ამას კონკრეტული მტკიცებულებები არ მოჰყვება, მერწმუნეთ, ძალას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ხალხი დაარწმუნოს, სჭირდება უფრო სერიოზული დამოკიდებულება ამ ე.წ. გაგონილი ინფორმაციების მიმართ", _ განაცხადა იზორიამ და განცხადების ავტორებს ურჩია მოსმენილით, გაგონილით არ შემოიფარგლონ.
"ყველა ეს ფაქტი და ასეთი სახით მიწოდებული ინფორმაცია მიმართულია იმისკენ, რომ ერთგვარად, ოპონენტმა ძალამ გააჩინოს გარკვეული უსამართლობის განცდა, რათა საპროტესტო მუხტი შეიქმნას მოსახლეობაში. მაგრამ, როდესაც ამის კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს, ბუნებრივია ეს ყველაფერი უსაფუძვლო ხდება. ვთხოვ დაბეჯითებით, ეს ფაქტები წარმოადგინონ, წინააღდმეგ შემთხვევაში ეს არის მართლაც საფუძველს მოკლებული და ღიმილისმომგვრელი, თითქოს ჩვენ გვეშინია რაღაც მოგონილი ბრალდებების და თითქოს ჩვენ ამის შიშით ამ საღამოს ვერ დავიძინებთ", _ განაცხადა იზორიამ.