ჩვენი კორესპონდენტების ჟანა მეგრელიშვილის, გიორგი გირკელიძის და დავით ჩხიკვაძის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებით გაირკვა, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს აქციაზე წასვლა სურდა, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მიდიოდა. გარკვეულმა კატეგორიამ აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" საერთო არაფერი აქვთ და რა თემაც არ უნდა იყოს, მათ მიერ ორგანიზებულ აქციაზე არ წავლენ.
ამ თემაზე ჩვენ გადაცემაში დებატები გამართეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მინდია ჟღერიამ და საკრებულოს დეპუტატმა, "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დიმიტრი კორიფაძემ.
ჟღერიამ ის საქმეები ჩამოთვალა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გაკეთდა. კორიფაძემ კი აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას მოლოდინი გაუცრუა და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამო ხალხი აქციაზე უნდა წავიდეს.
გადაცემის სტუმრებმა ვრცლად ისაუბრეს წარსულზე, აწმყოზე და სამომავლო გეგმებზეც.
კორიფაძის თქმით, ხელისუფლება მოსახლეობას აშინებს და ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, რომ ჩოხატაურიდან აქციას მხოლოდ 100 ადამიანი შეუერთდა. მისივე თქმით, პარტიის ოფისთან მოსულ ადამიანებს პოლიციაც აკონტროლებს.
ჟღერიას განმარტებით, ყველა ადამიანი არჩევანში თავისუფალია და ადგილობრივი ხელისუფლება არავის არაფერს უშლის:
_ ეს "ნაციონალური მოძრაობის" მეთოდები იყო და, პირველ რიგში, სწორედ ამით განვსხვავდებით მათგან, _ აღნიშნა ჟღერიამ.
კორიფაძის თქმით, დღევანდელ ხელისუფლებაში ბევრი მისი თანამებრძოლია და შესაბამისად, ეს მეთოდები მათ ძალიან კარგად იციან.
_ გასწავლიდნენ, არ არის პრობლემა. თქვენ ირგვლივ ყოფილი ნაციონალები, ის ადამიანები, რომლებმაც არჩევნების შემდეგ "ოცნების" დროშის ტარი ასწიეს, მრავლად არიან. მათ ეს მეთოდები კარგად იციან და თქვენც გასწავლიან, _ მიმართა კორიფაძემ ჟღერიას და თქვა, რომ "ოცნების" დროშის ტარების სურვილი არასდროს გასჩენია:
_ რომ მდომოდა, ვატარებდი კიდეც. დღევანდელი გამგებლის მოადგილე, მაშინდელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მეუბნებოდა, რომ დავრჩენილიყავი და გამგებლის მოადგილედ მემუშავა, თუმცა, მე ჩემი პრინციპები მაქვს და წამოვედი, _ თქვა კორიფაძემ, რომლის განმარტებით ამ ხელისუფლებამ ბევრი დააშავა, თუმცა, კარგიც გააკეთა:
_ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა მართლაც კარგია, _ დასძინა კორიფაძემ.
ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზე, სოფლის მეურნეობაში გახორციელებულ პროექტებზე, გაზრდილ სოციალურ და ერთჯერად დახმარებაზე ვრცლად ისაუბრა მინდია ჟღერიამ, რომლის თქმით, ხელისუფლება დაპირებებს ასრულებს და ამის მტკიცებულებაა ისიც, რომ მალე ჩოხატაურში ორი ახალი საწარმო გაიხსნება.
ამავე გადაცემის მეორე ბლოკში ლანჩხუთის "გურიის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, კლუბზე დახარჯულ თანხებზე და სხვა დეტალებზე ისაუბრა კლუბის ყოფილი პრეზიდენტის, კობა მირზაშვილის დამ მარინა თოთლაძემ. თოთლაძესთან დებატებში მონაწილეობა კლუბის ყოფილ სპორტულ დირექტორს, დღეს კი საკრებულოს წევრ თემურ ალექსაიას უნდა მიეღო, თუმცა, ბატონი თემური გადაცემაში არ მოვიდა და "სატელეფონო მომსახურების ზონიდანაც გავიდა".
თოთლაძემ ჩვენს გადაცემაში წულაიას და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბევრი ბრალდება წაუყენა.
_ მოვიტანე ყველა დოკუმენტი. წულაია სისხლის სამართლის დამნაშავეა, ლანჩხუთის გამგებელმა კი ეს ყველაფერი იცოდა და არაფერი თქვა, შესაბამისად მან თანამდებობა ბოროტად გამოიყენა, _ აღნიშნა თოთლაძემ, რომლის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ განცხადებით პროკურატურას, ფინანსურ პოლიციას და პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილს უკვე მიმართა.