"წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რეალიზაცია, შენახვა და განთავსება ხორციელდება "აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტის სრული დაცვით.
კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
კანონპროექტის შესაბამისად, კანონმდებლობით განსაზღვრული სანიტარიულ/ჰიგიენური პირობების დარღვევის დროს, დგინდება ადმინისტრაციული სახდელის ზომა, კერძოდ, კანონს ემატება 3710 მუხლი, რომლის მიხედვითაც, აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ – ჰიგიენური/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, დაკავშირებული იქნება 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმასთან.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.