საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლის ვაკანტურ თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძის დანიშვნის შესახებ.
პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი უფლებამოსილების შესრულებას 2015 წლის 1 მაისიდან შეუდგება.
ალექსანდრე მაისურაძის კანდიდატურა პრეზიდენტს მთავრობამ წარუდგინა. ალექსანდრე მაისურაძე გახლავთ კარიერული დიპლომატი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობს 1998 წლიდან. მათ შორის 2012 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ. ალექსანდრე მაისურაძეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. იგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.
ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობა 2015 წლის 26 იანვრიდან ვაკანტურია. ეს თანამდებობა ლევან დოლიძემ დატოვა.