ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა ხვალიდან, 31 მარტიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 2015 წლის 31 მარტიდან ეძლევა ფარული საგამოძიებო მოქმედების სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადღების და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობის შესაძლებლობა, რადგან პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონი ძალაში სწორედ ამ დღიდან შედის.
აღნიშნული კანონის მიხედვით, ამოქმედდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ე.წ. ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა, როცა ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან ელექტრონული თანხმობის გაცემა იქნება საჭირო.
ამავე კანონით, საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწადში ორჯერ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგენს.