სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა. შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები. განსაკუთრებულ პრობლემას ფემიციდი წარმოადგენს, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე შემთხვევაში მსხვერპლს რეაგირების თხოვნით ინციდენტამდე ჰქონდა მიმართული სამართალდამცავი ორგანოებისადმი. დაბალია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობა. ნიშანდობლივია ქალთა ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების მაღალი მაჩვენებლები.
პრობლემას წარმოადგენს რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა, რელიგიური ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მიღება, სადაო რელიგიურ ნაგებობათა კუთვნილება, საჯარო სასკოლო განათლების სივრცეში რელიგიური დისკრიმინაციისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა იმპლემენტაცია. ასევე პრობლემური იყო რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი შესაძლო დანაშაულებების ეფექტური გამოძიების საკითხი.
დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრობლემას კვლავ წარმოადგენს სასკოლო განათლების ფარგლებში მშობლიური ენის შესწავლის საკითხი და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.