"ყოფილი პოლიტპატიმრები" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გადადგომას მოითხოვენ, მიზეზი კი გუშინ ღამით ბათუმელი პატიმრის, 52 წლის მევლუდ დიასამიძის გარდაცვალებაა, რომელსაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის ხუთწლიანი სასჯელი ჰქონდა მისჯილი.
დიასამიძემ ხუთი წელი საპყრობილეში გაატარა, ბოლო წელს კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უაღრესად დამძიმდა და ოჯახის წევრები ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვდნენ. თუმცა, პასუხი არცერთი უწყებისაგან არ მიუღიათ.
დაახლოებით ორი თვის წინ, დიასამიძე ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა უაღრესად მძიმე იყო. ყოფილი პოლიტპატიმრის მერაბ გორგაძის თქმით, მას განუვითარდა სეფსისი, დაავადებული ჰქონდა ღვიძლი და ფილტვები, აწუხებდა გულიც. თუმცა, როგორც გორგაძე აღნიშნავს, მისი სათანადო მკურნალობა ვერ შეძლეს და ის დაიღუპა.
ის რომ 52 წლის მევლუდ დიასამიძე პატიმრობიდან პირობითი სასჯელით გათავისუფლდა, ამის შესახებ წერილი ოჯახმა პატიმრის გარდაცვალების შემდეგ მიიღო.
მერაბ გორგაძე, რომელიც აჭარაში პოლიტპატიმრებისა და პატიმრების უფლებებს იცავს, პროკურატურას აღნიშნული საქმით დაინტერესებას სთხოვს.