ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი-სურათების გალერეაში, ფოტოგრაფების, გურამ წიბახაშვილისა და თინათინ კიღურაძის ფოტო-ნამუშევრების გამოფენა "არსად ისე…" შედგა. ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ამავე გალერეაში ქართველი ფოტოგრაფების გამოფენა ჩატარდა.
"მაშინ გაგვიჩნდა იდეა, რომ გურამ წიბახაშვილს და თინათინ კიღურაძეს, ამ ორ ხელოვანს გადაეღო გურია, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ისინი წამოვიდნენ ამ შემოთავაზებაზე." – გვითხრა ოზურგეთის სურათების გალერიის ფონდების განყოფილების გამგე ლია ურუშაძემ.
ცნობილმა ფოტოგრაფმა, გურამ წიბახაშვილმა გაგვიმხილა, რომ გურიას კარგად არ იცნობდა.
"დღევანდელი გამოფენა არის ორი გალერეის, კონტეინერის" და ოზურგეთის სურათების გალერეის ერთობლივი მუშაობის შედეგი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდად ვიცნობდი გურიას. იმასაც კი ვამბობდი, გალერეა რომ არსებობდა ოზურგეთში, არ ვიცოდი. მოკლედ, მოგვეცა საშუალება, ცოტა ხნით გვეცხოვრა გურიაში და ხუთი დღის განმავლობაში აღვწერეთ ის, რაც ვნახეთ. ეს არ არის კონცეპტუალური ფოტოგრაფია, ეს არის შთაბეჭდილება, რაც მოდის ვიზუალურად, როცა ნახულობ ამ მხარეს. ეს არ არის სრულყოფილი გამოფენა, რადგან 30 ფოტოში ვერ ჩაატევ გურიას. დაახლოებით, 15 000 ფოტო გადავიღეთ. ფოტოგრაფია არის კარგი საშუალება, რაღაცა შეისწავლო და რაღაცა გადმოსცე მერე. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ახლა გვქონდა ამის საშუალება. ამიტომ შევეცადეთ, ხუთ დღეში შეგვესწავლა გურია და შემდეგ გადმოგვეცა რაღაცნაირად", _ გვითხრა გურამ წიბახაშვილმა.
ფოტო-ნამუშევრების გამოფენის დროს მხოლოდ ორ ტაძარს, შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარს და აჭის წმინდა გიორგის დედათა მონასტერს ნახავდით. შემოქმედის მაცხოვრის სახელობის ტაძრის ფოტო გალერეაში იყო გამოფენილი, ხოლო აჭის წმინდა გიორგის დედათა მონასტრის, სპეციალურად გამოშვებულ ბროშურაში დაბეჭდეს.
"კულტურული ძეგლები არის ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრები ადგილზე, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, ტურისტულ პირველადობას ავცდენილიყავით და გვეცადა,უფრო ახლო დაგვენახა ყოფა, ხალხი, ტრადიცია და ა.შ. მხატვარმა, ბატონმა ავთანდილ თავართქილაძემ თქვა, რომ სილამაზეს კი არ ვეძებდით, სინამდვილეს უფრო ვეძებდით. მინდა გითხრათ, რომ სინადვილეში არის სილამაზე",_ გვითხრა გურამ წიბახაშვილმა.
თინათინ კიღურაძისთვის გურია მშობლიური მხარეა.
"ძალიან სასიამოვნო იყო გურიაში მუშაობა. მე პირადად ადრეც მქონია შეხება, სოფელი მაქვს გურიაში და ვიცოდი, რასთან მექნებოდა საქმე, როდესაც შემოგთავაზეს ფოტოების გადაღება. მე ვთვლი, რომ ყველას არ შეუძლია ასეთი ბედნიერება ეღირსოს, რადგან ეს ნამდვილად იყო ბედნიერება, ის ხუთი დღე აღმოჩნდა დაუვიწყარი, ულამაზესი ბუნება და ძალიან თბილი ხალხი. ძალიან კომფორტული იყო ხალხთან მუშაობა."
ლია ურუშაძემ გამოფენის დროს გაგვიმხილა, რომ გურამ წიბახაშილი და თინათინ კიღურაძე ქალაქ ოზურგეთს გადაიღებენ.
"არის ახალი ამბავი – დღევანდელი გამოფენის შემდეგ, დაიწყებენ გადაღებას ქალაქ ოზურგეთის და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ვიხილავთ გურამის და თინათინის ახალ ნამუშევრებს."
ლია ურუშაძის თქმით, ეს ფოტოები გალერეის ფონდის საკუთრება გახდა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანებს. ჩვენთვის, როგორც ხელოვნების მსახური ადამიანებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ ქართული თანამედროვე ფოტოხელოვნების ძალიან გამორჩეული წარმომადგენლები ჩვენთან თანამშრომლობენ.
გურამ წიბახაშვილის და თინათინ კიღურაძის ფოტო-ნამუშევრების ნახვა ოზურგეთში 5 მაისამდე იქნება შესაძლებელი.