ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობის დამოკიდებულება ელექტროენერგიის და გაზის ტარიფთან დაკავშირებით არის მცდარი და იგი გამოიწვევს სისტემის პარალიზებას.
"ზარალის ანაზღაურება მხოლოდ თბილისის გაზის სექტორში, უკვე უჯდება ბიუჯეტს თვეში 15 მილიონი ლარის ოდენობით. ასეთი სახის სუბსიდირება დიდხანს ვერ გაგრძელდება.
დაუშვებელია მარეგულირებლების და კერძო ბიზნესის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც ხდება მთავრობის მხრიდან.
სპორტსმენმა კალაძემ უფრო ჯანსაღი და სახელმწიფოებრივი მიდგომა გამოავლინა, ვიდრე დიპლომირებულმა და " ხარისხიანმა" ეკონომისტებმა მთავრობაში.
ტარიფის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო ლარის სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც მთავრობამ და ერივნულმა ბანკმა ვერ მოახერხა და რომელიც ყველაზე ნაკლებად იყო ენერგეტიკის მინისტრის კომპეტენციაში.
პოლიტიკური მოტივებით ეკონომიკის მართვა დარგსაც დააზიანებს და საბოლოოდ კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური შედეგით დამთავრდება", _ წერს გოცირიძე საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ "ენერგო-პრო ჯორჯიამ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას ტარიფის კორექტირების თხოვნით გუშინ მიმართა, რის მიზეზადაც კომპანიაში ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური გაძვირებას ასახელებენ.
დღეს განმარტება გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემაც და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს.