"იმართება თუ არა რაიმე სახის არაფორმალური გარჩევები ღამის საათებში ოზურგეთის სტადიონზე და მიიღება თუ არა თვითმმართველობის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებზე გადაწყვეტილებები იქ შეკრებილი პირების მიერ", _ ამ შეკითხვას "დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაცია ოფიციალურ განცხადებაში სვამს, რომლითაც ქალაქ ოზურგეთის მერიაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება.
უფრო კონკრეტულად კი ოზურგეთის მერიაში თანამდებობის პირებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც პარტიაში სარწმუნოდა მიაჩნიათ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამას ისიც ადასტურებს, რომ ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერიის ერთ-ერთი სამსახურის სამმა საჯარო მოხელემ ერთდროულად, საკუთარი განცხადებით დატოვა თანამდებობა.
"ვაცხადებთ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ადგილობრივი პრესით ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომელთა შინაარსის მიხედვით ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების მხრიდან ადგილი აქვს ისეთ ქმედებებს, რომლებიც აშკარად იმსახურებს სამართალდამცავი ორგანოების ყურადღებას და რომლებზეც სათანადო რეაგირება არასდროს მომხდარა.
მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტში დღეს არსებული უაღრესად დაძაბული სიტუაცია საჭიროებს მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან რაიმე სახის შეფასებას, ასევე საჭიროა მათივე მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ქალაქ ოზურგეთში მიმდინარე პროცესებზე, ვინაიდან სიტუაცია იმდენად რთულია, რომ კონფლიქტში მონაწილე მერიის მაღალჩინოსანთა განმარტებები სიტუაციაში გასარკვევად საზოგადოებისათვის საკმარისი აღარ არის.
ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო დროს პრესაში გავრცელებული სარწმუნო ინფორმაციის მიხედვით, ქალაქ ოზურგეთის მერიასა და საკრებულოსათვის უკვე ჩვეულებრივი ამბავია მოსახლეობის აზრის იგნორირება გადაწყვეტილებების მიღებაში; ლანძღვა-გინება, ცემა-ტყეპა, სამუშაო საათებში ქეიფი; საქმეების არაფორმალური გარჩევები; საჯარო მოხელეების მიერ სოციალურ ქსელებში ჟურნალისტებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ლანძღვა და დაცინვა;
საკრებულოს დეპუტატების შეურაცხყოფა და მათთვის მერიის თანამშრომლების მიერ საჯარო გაკიცხვების გამართვა;
ანგარიშსწორების მიზნით თანამდებობებიდან ადამიანების გადაყენება; მეგობრებისათვის ძვირადღირებული სახელმწიფო ქონების იაფად გადაცემა;
ფუნქციური დატვირთვის არმქონე პირების სამსახურში აყვანა და მათთვის მაღალი ხელფასისა და პრემიების დანიშვნა; თანამდებობებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების და კვალიფიკაციის არმქონე პირების თანამდებობებზე განწესება;
"დემოკრატიული მოძრაობის"ოზურგეთის ორგანიზაცია მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", განცხადება მაინც გააკეთოს და გაარკვიოს ოზურგეთის მოსახლეობა იმაში, იღებს თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ქალაქ ოზურგეთში ახლა მიმდინარე და სამომავლოდ მოსალოდნელ პროცესების განვითარებაზე.
"დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაცია აცხადებს, რომ შესაბამისი ორგანოების გულგრილობის ფონზე, თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესები უკვე დიდი ხანია გავიდა სამართლებრივი რეგულირების ფარგლებიდან და დღეს უკვე ყველანაირი სახის პოლიტიკურმა ან ნებისმიერმა სახის ოპონირებამ ხელისუფლებასთან, აზრი დაკარგა, ვინაიდან ჩვენთვის უცნობია გადაწყვეტილებების მიღების პროცესები და გადაწყვეტილების მიმღები პირების ვინაობა", _ ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ქალაქ მერიის პოზიციას, აქ აღნიშნავენ, რომ წერილში მოყვანილი არცერთი ფაქტი არ შეესაბამება სინამდვილეს. შესაბამისად, ქალაქის მერია ამ განცხადებასთან დაკავშირებით სხვა კომენტარს არ გააკეთებს.