საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე გახდა.
პლენუმის სხდომა დღეს გაიმართა, სადაც გადაწყვეტილება რამდენიმე საკითხზე მიიღეს; კერძოდ, 2 წლიანი უფლებამოსილების ვადით არჩეული იქნა საკვალიფიკაციო პალატა შემდეგი შემადგენლობით: ზურაბ ძლიერიშვილი – პალატის თავმჯდომარე, ნინო ბაქაქური და ნუგზარ სხირტლაძე – პალატის წევრები.
"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 პრიმა მუხლის თანახმად, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა, მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებზე, საჩივრებს განიხილავს.
ასევე, დამტკიცდა სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭოს დებულება, რომელიც კანონის საფუძველზე შექმნილი უზენაესი სასამართლოს სათათბირო ორგანოა და მოწოდებულია პრაქტიკოსი იურისტებისა და სამართლის მეცნიერების მონაწილეობით შეიმუშაოს და გამოაქვეყნოს რეკომენდაციები სამართლისა და სასამართლო პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე.