პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით "2015 წლის პირველი კვარტალის მონაცემებმა აჩვენა, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება".
_ პირველი კვარტალის მონაცემებით, შემოსავლებმა გეგმას 140 მილიონი ლარით გადააჭარბა, რაც ეფუძნება ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მაღალ დონეს. მარტში 12.5 პროცენტით არის გაზრდილი დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს კერძო სექტორის როლი ეკონომიკურ ზრდაში: 2014 წელს პროდუქციის გამოშვება სამეწარმეო სექტორში გაიზარდა 12.8 პროცენტით, ხოლო ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა – 11 ათასი ადამიანით; სამშენებლო სექტორის აქტივობა 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გაზრდილია 20 პროცენტით;
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით რეგიონის მასშტაბით უკეთესი ვითარებაა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა როგორც მოკლე, ისე საშუალოვადიან პერიოდში მიმართულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისკენ. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას, ადმინისტრაციული და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფინანსური მხარდაჭერის, სპეციალური პროექტების გზით, _ განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
პრემიერმა ინვესტიციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა:
_ ეს ნამდვილად არის მნიშვნელოვანი მიღწევა იმ ურთულესი ფონის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში შეიქმნა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელს მილიარდ 272 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 35 პროცენტით აღემატება 2013 წლის მონაცემებს. ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21 პროცენტი შეადგინა. ეს უმნიშვნელოვანესი პარამეტრია ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის.
2014 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალი 2007 წლის მაჩვენებლის შემდეგ; ასევე, 2013 წელთან შედარებით 78 პროცენტით გაიზარდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციები; სულ ახლახან დაიწყო შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზა, რაც საქართველოს 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოუტანს.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 20.5 პროცენტით, ევროკავშირთან – 76 პროცენტით, რუსეთთან კი – დაახლოებით 6-ჯერ, 487.5 პროცენტით.
მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ 2013 და 2014 წლებში ტურიზმიდან სამ-ნახევარი მილიარდი დოლარი შემოვიდა საქართველოში, ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურა კი კიდევ უფრო გვიმყარებს ოპტიმიზმის საფუძველს.
პირველად საქართველოს სამთო კურორტების ისტორიაში მოხდა სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება გუდაურსა და ბაკურიანში. წელს პირველად ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა აღარ იყო დამოკიდებული ამინდზე. სათხილამურო სეზონი გაიზარდა 5 თვემდე.
დღეს უკვე ჩვენი კურორტები იძლევა საერთაშორისო დონის შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობას. უკვე წელს გუდაურში 40 პროცენტით, დიდველზე კი – 20 პროცენტით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა.
მე მესმის, რომ შეიძლება ჩვენი ოპონენტებისთვის ამის მოსმენა არ იყოს სასიამოვნო სუბიექტური მიზეზის გამო, მაგრამ ეს არის რეალობა. მთავარი ის არის, რომ ეს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, _ განაცხადა მთავრობის მეთაურმა.




































































