რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, სადაც შშს-ს ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ქრთამის გადაცემის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი დააკავა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაჭერების სერია გაგრძელდებოდა. საუბარი იყო სპეციალური სამსახურის მიერ სტიქიით მიყენებული ზარალის შედეგად აღდგენილი რამდენიმე ობიექტის შესრულებული სამუშაოების შემოწმებაზე. კერძოდ, სახელდებოდა ნიგვზიანის თემში, სოფელ არჩეულში გაკეთებული გაბიონები, რომელთაგან გარკვეული ნაწილი მალე დაზიანდა და მათი აღდგენა ხელმეორედ მოხდა.
ამ თემაზე საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის ბოლო სხდომაზე განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება _ დეპუტატმა გია გოგუაძემ ადგილობრივი ხელისუფლება ერთი და იმავე ობიექტისთვის თანხის ორჯერ დახარჯვაში დაადანაშაულა, მაშინ, როცა სამუშაოს შემსრულებელი ვალდებული იყო, დაზიანებული ობიექტი ხელახლა შეეკეთებინა.
ამავე საკითხზე კითხვები უშუალოდ კომისიის თავმჯდომარეს ბესიკ ტაბიძესაც ჰქონდა. ტაბიძე 85 ათასი ლარის ღირებულების დაზიანებული გაბიონის ხელახლა აღდგენის შესახებ განმარტებებს ითხოვდა. მას აინტერესებდა, რატომ არ შეისწავლეს თავის დროზე ამ ობიექტის დანგრევის მიზეზი და რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა, რომელიც გაარკვევდა, დაზიანების მიზეზი სტიქია იყო თუ შემსრულებლის მიერ უხარისხოდ გაკეთებული საქმე.
ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგებელიც იყო მიწვეული, რომელსაც აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია არ გააჩნდა: "წარმოდგენა არ მაქვს, რა გაორებულ ობიექტებზე საუბრობთ. არ ვიცი, რა ხდება. ძალიან ცუდი, თუ ერთი და იგივე ობიექტი ორჯერ გაკეთდა. უნდა გავარკვიო და თუ ეს სიმართლეა, მერწმუნეთ, პასუხს აგებს ყველა, ვისაც ევალებოდა, როგორც ამ საქმის კონტროლი, ასევე, ჩემი ინფორმირება", _ განაცხადა ზაზა ურუშაძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსს ლევან ჩხაიძეს დავუკავშირდით, რომელმაც არ დაადასტურა ამ ეტაპზე რაიმე ობიექტის შემოწმების ფაქტი, თუმცა, სამომავლოდ ამის საჭიროება არ გამორიცხა:
"დღესდღეობით არავითარი შემოწმება არ ხდება. რადგან გარკვეული საუბარი და ეჭვი გაჩნდა რამდენიმე ობიექტის მიმართ, ჩავთვალეთ, რომ ჩავატაროთ ამ ობიექტების ექსპერტიზა. ამისთვის უკვე მივმართეთ სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს, რომელიც უახლოეს მომავალში შეისწავლის გაბიონების დაზიანების მიზეზს და შესაბამის დასკვნასაც დადებს, რომელიც ამ მითქმა-მოთქმას და აჟიოტაჟს დაასრულებს. რაც მთავარია, იქ საგანგაშო არაფერი ხდება, ყველაფერი წესითა და რიგითაა გაკეთებული", _ გვითხრა ლევან ჩხაიძემ.