_ თუ ჩვენ გვაქვს ოდნავი პრეტენზია მაინც, რომ წარმოვადგენთ თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფოს, ქალაქ ფოთის ამჟამინდელი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ.
მე ვისურვებდი, ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასგან მომესმინა, რომელსაც, როგორც ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.
საზოგადოებას ახსოვს, რომ სიძულვილისა და ძალადობის წახალისების კამპანიაში მოსწავლეების მონაწილეობა სამეგრელოს რამდენიმე ქალაქში იყო ორგანიზებული. შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ პროცესების მართვა და სინქრონიზება ცენტრალური ხელისუფლების, და კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გარეშე მომხდარიყო. ამ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა გურიის გუბერნატორად სწორედ ამ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გია სალუქვაძე დანიშნა.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობაზე მიუთითებს სხვა ფაქტიც: მიუხედავად იმისა, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მოსწავლეების პროპაგანდისტულ ფილმზე მიყვანა, სამინისტრომ ვერ გაბედა პროცესში მონაწილეობისგან დაეცვა მასწავლებლები და მოსწავლეები, _ აღნიშნავს რატიანი.
რატიანის განცხადებას "გურია ნიუსთან" უპასუხა ეკა ბესელიამ:
_ რატიანს თუ არ ახსოვს შევახსენებ, რომ ჩემი შვილი როცა სკოლის მოსწავლე იყო ფილმების საყურებლად კი არ დაყავდათ მის ლიდერებს, პოლიცია და პროკურატურა დაარბენინებდა და მძევლად ჰყავდათ. ამ ბავშვებმა გადაიტანეს ის, რაც ამ ფილმშია და მაშინ ბავშვები ახსოვდა სერგო რატიანს? _ გვითხრა ბესელიამ.