ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მოსახლეობის ერთი ნაწილი "გეოპლანტისგან" და "Vanrik agro group"-ისგან მიწის ნაკვეთების უსასყიდლოდ დაბრუნებას მოითხოვს და ამ მოთხოვნით, თითქმის, ყოველ კვირას, ლაითურში საპროტესტო აქციები იმართება.
"გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ შპს "გეოპლანტი" თანახმაა, მოსახლეობას მიწის ნაკვეთი გადასცეს, ერთი კვადრატული მეტრი _ 58 თეთრად.
ჩვენ, ამ საკითხთან დაკავშირებით გურიის ყოფილი გუბერნატორს და ახლა "გეოპლანტის" დირექტორს მიხეილ ჭკუასელს ვესაუბრეთ, რომელიც პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ოზურგეთში იმყოფებოდა.
_ ბატონო მიხეილ, ლაითურში მიწის ნაკვეთების ერთი ნაწილი მაშინ გაიყიდა, როცა თქვენ თქვენი გურიის გუბერნატორი იყავით…
_ კი, ასე იყო, მაგრამ გუბერნატორი არ ყიდის მიწას _ მიწას ყიდის სახელმწიფო.
_ არ მითქვამს, რომ გუბერნატორი ყიდის მიწებს; თქვენი გუბერნატორობის დროს იცოდით თუ არა, რა ფასად გაიყიდა მიწის ნაკვეთები ლაითურში?
_ გუბერნატორს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, ცოდნოდა, რომელიმე მიწის ნაკვეთი რა ფასად იყიდებოდა. მიწის ნაკვეთებს ყიდდა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება კანონიერებაში, შეუძლიათ დაამტკიცონ. ეჭვი არ მეპარება, რომ რომელიმე კომპანიას მიწის შეძენისას კანონი არ დაურღვევია.
_ რა ფასს სთავაზობს "გეოპლანტი" ლაითურელებს, თუკი სიმართლეს შეესაბამება ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ მიწის ნაკვეთები იყიდება?
_ მოდით, დავაზუსტოთ: ეს მიწა არის კერძო საკუთრებაში. ამ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე ფიზიკური პირები არიან შეჭრილები, მიტაცებული აქვთ და უკანონოდ ამუშავებენ მას.
_ თუ მიტაცებული აქვთ ეს მიწის ნაკვეთები, მაშინ რას ითხოვენ ახლა?
_ ახლა, რაც აქვთ მიტაცებული, იმაზე ამბობენ, ჩვენიაო, ეს კი არ შეესაბამება სიმართლეს.
_ ანუ დაკანონებას ითხოვენ?
_ ახლა ითხოვენ, რომ ეს მიწის ნაკვეთები იყოს მათი. ჩვენ ორი წლის წინ შევთავაზეთ, რომ ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ მობრძანდეთ და ამ მიწაში გადაიხადოთ გარკვეული თანხა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ამ მიწების ყველა ნაკვეთი ბანკში იპოთეკითაა დატვირთული. ბევრი მათგანი მოვიდა, გადაიხადა და გადაიფორმა.
_ ორი წლის წინ რა ღირდა ლაითურში ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი?
_ არ მინდა შემეშალოს, მაგრამ დაახლოებით იყო 35 თუ 37 თეთრის ფარგლებში.
_ ახლა, როგორც ლაითურები ამბობენ, 58 თეთრად იყიდება.
_ დიახ, 58 თეთრია თუ რაც არის, ეს დადგინდება, იმიტომ, რომ თითოეული კვადრატული მიწა, რაც არის იპოთეკით დატვირთული, არის კონკრეტული სესხის ქვეშ. ეს სესხი კომპანიას აქვს აღებული და შეფასებულია აშშ დოლარში. ძალიანაც რომ მინდოდეს ეს მიწა თუნდაც 35-37 თეთრად მივცეთ ვინმეს, ვერ მივცემ, რადგან იპოთეკითაა დატვირთული; თუ იპოთეკა არ მოიხსნება, ამ ადამიანებს ვალდებულება და, შესაბამისად, პრობლემაც გადაჰყვებათ. მე მოქალაქეების ნაწილთან მქონდა შეხვედრა, მოველაპარაკეთ, თუმცა, სამწუხაროდ, შემდეგ იმ ადამიანმა, ვისაც ვესაუბრე, მოველაპარაკე, აბსოლუტურად განსხვავებულად წაიღო ამბავი. ამის შემდეგ ჩამოვედი ოზურგეთში, შევხვდი ამ ადამიანებს (ის ბატონი აღარ მობრძანდა!) და ვისაც ველაპარაკე, ყველამ შეგნებულად გაიგო, რაც ვთქვით.
_ ბატონო მიხეილ, რამდენმა ადამიანმა შეისყიდა ორი წლის წინ ლაითურში მიწის ნაკვეთები?
_ ზუსტი სტატისტიკა არ მახსოვს, მაგრამ თუ არ ვცდები, 15-17 კაცი მაინც იქნებოდა, რომელმაც თავის დროზე გადაიხადეს 35-37 თეთრი კვადრატულ მეტრ მიწაში.