თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს ღირსება, ერთგულება – ეს არის ყოველი ჩვენგანის ვალი, ყოველი ჩვენგანის ყოველდღიურობა, ყოველი ჩვენგანის შემადგენელი ნაწილი.
თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საქართველოს მოქალაქეებსა და ქართულ ჯარს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ავღანეთიდან მიულოცა.
"ბატონო პრეზიდენტო, თქვენო უწმინდესობავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო გენერალო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, მოწვეულო სტუმრებო – ყველა სამოქალაქო და სამხედრო პირს გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს. ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში შემდეგი სიტყვები ჩაიწერა – "ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა". ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის იდეა, რომელიც გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ერთ კონკრეტულ დოკუმენტში ჩაწერილი ფრაზა. ეს არის იდეა სუვერენტიტის, დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების. იდეა, რომლის გამოც იბრძოდნენ თაობები, რომელსაც ეწირებოდნენ თაობები, რომლისთვისაც შრომობდნენ და იმარჯვებდნენ მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველები. სწორედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და თავისუფლების სურვილი ადუღაბებს, ერთ მუშტად კრავს ქართველ ხალხს, ქართულ სახელწიფოს. საქართველოს დღევანდელი თაობა ღირსეული შვილია იმ წინაპრის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და თავისუფლების განმტკიცებისთვის", _ განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მომავალი თაობის ღირსეული წინაპარი გახდეს.
"პირადად ჩემი და სრულიად საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომელთაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, მსოფლიო უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი თაობის ვალია ყველაფერი გავაკეთოთ მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად. საქართველოს ღირსება, ერთგულება – ეს არის ყოველი ჩვენგანის ვალი, ყოველი ჩვენგანის ყოვედღიურობა, ყოველი ჩვენგანის შემადგენელი ნაწილი. განსაკუთრებით დღეს მინდა მივულოცო ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთიდან – იმ წერტილიდან, სადაც ყველაზე უფრო მეტად უჭირს მსოფლიოს და სადაც ყველაზე უფრო კარგად ვამტკიცებთ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, მთელი საქართველო, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ვიბრძვით მსოფლიოს უსაფთხოებისათვის და დამოუკიდებლობისთვის", _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.