ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი კახი კალაძე იმ ადამიანების განცხადებებს ეხმაურება, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის ფიროსმანის ცნობილი ტოლოს ყიდვისთვის და საქართველოში დაბრუნებისთვის გააკრიტიკეს:
_ ჩვეულებრივი, ადეკვატური მოქალაქის რეაქცია-სიხარული, რომ ერთერთი “ფიროსმანი” საქართველოში დაბრუნდა, გადაიფარა გაკვირვებით _ რა უნდა ზოგიერთ სუბიექტს, რა შეიძლება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საერთო სახლში მოხდეს ისეთი, რომ გაიხარონ და გაითავისონ?!.
ეს რეაქციები რასაც ვუყურებ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ წარსულში ჩარჩენილ ამ ადამიანებს სახელმწიფოებრივი აზროვნება ანულირებული აქვთ და ანგარებითი, სათავისო ხედვა აქვთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული მოვლენების მიმართ _ ცუდი უხარიათ, კარგი სწყინთ.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ ვიწროდ ხედავდნენ და მხოლოდ სათავისო სარგებლისთვის აღიქვამდნენ ამ ქვეყანას _ ნაციონალების პირადი მოხმარების სახელმწიფო. იმიტომაც განიცადეს პოლიტიკური კრახი , რასაც აღრმავებენ თავისი არანორმალური რეაქციებით ნებისმიერ მოვლენაზე.
მე, ბევრი ჩემი მეგობარი ყურადღებას აღარ ვაქცევთ მათ პოლიტიკურ აქტიურობას _ წარსულია, მაგრამ თავისი ანტისაზოგადოებრივი რეაქციებით მუდმივად ახერხებენ ყურადღების მიპყრობას და ყველას გაკვირვებას, _ წერს კალაძე ფეისბუქის საკუთრ გვერდზე.
იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ივანიშვილის ტილოს საქართველოში დაბრუნებისთვის გააკრიტიკეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუაც იყო:
_ მგონი, ვიმეორებ _ მგონი მთლად ჩვეული Publicity Stunt, ანუ "ტრიუკი" გააკეთა ჭორვილელმა კოლექციონერ/ინვესტორმა – თვითონვე "გაყიდა", და თვითონვე "იყიდა." ანუ ერთი ცენტის დაუხარჯავად მოიპოვა სახელი როგორც ფიროსმანის "საქართველოში დამბრუნებელმა", რაც თავისთავად მაინცადამაინც კარგი არაა და აი რატომ:
იმისთვის, რომ ფიროსმანი მსოფლიომ კარგად გაიცნოს, საჭიროა რომ ძალიან ცნობილ მუზეუმებს ჰქონდეთ მისი ტილოები. ანუ, იმაზე იყო სამუშაო, რომ რომელიმე დიდ მუზეუმს ეყიდა ეს ნახატი და ამით ფიროსმანის ცნობადობა და ფასი აწეულიყო. ეს კი სასწრაფოდ უკან დააბრუნეს, ვითომც ეს საუკეთესო ნაბიჯი იყო, რაც ასე სულაც არაა.
მაგრამ, რახან ასე მოხდა, მაშინ ივანიშვილიმა გადასცეს სახელმწიფო მუზეუმს და დასაჯერებელი იქნება მისი ეს "ყიდვა" – თუ მართლა ასეთ Santa Claus-ია, მაშინ გადასცემს მუზეუმს და საკითხიც ამოიწურება.თუ ასე არ ქნა – მაშინ ის საკუთარ ამპლუაშია. ანუ, აფერისტობს.
როგორც ერთხელ ერთ გადაცემაში აღნიშნა (რომელშიც თქვა რომ "დასვა მთელი მოსკოვი კონტემპორარზე") ასე გაკეთებული აქვს რამდენჯერმე რომ ფასი აეწია საკუთარ მფლობელობაში მყოფ ნახატებზე თვითონვე გაყიდვა-ყიდვით, _ აღნიშნა რურუამ.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ნიკო ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით’” საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა და მისი ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.
_ გუშინ შევიძინეთ ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" ლონდონის აუქციონზე და მალე დაუბრუნდება საქართველოში, _ ეს ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ეკა ხვედელიძემ გაავრცელა.
1957 წელს, "არსენალის მთა ღამით" 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფრანგ პოეტ, ლუი არაგონს აჩუქეს და წლების განმავლობაში ტილო მის პირად კოლექციაში ინახებოდა. ის ჯერ 2007 წელს სოტბის, ხოლო 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა. რის შემდეგაც ის ორჯერ გაიყიდა, ბოლო მფლობელმა ნახატი ლონდონის აუქციონზე 2010 წელს იყიდა, ახლა კი, ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით” საქართველოს უბრუნდება.