სახელმწიფოს მხრიდან იძულებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი იწყება, _ აღნიშნულ საკითხზე მთავრობამ და პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა ინტენსიურად იმუშავეს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე კვირას რამდენიმე ავტომანქანის დაბრუნება იგეგმება.
ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხების განხილვა და გადაწყვეტა ეტაპობრივად განხორციელდება.
"ეს ვერ შეეხება წლების განმავლობაში ჩვენი წინამორბედი ხელისუფლების მხრიდან ყველა დაზარალებულს, თუმცა პროცესი დაწყებულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელშესახები გახდეს დაზარალებული მოსახლეობისთვის და მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ეს პროცესი.
ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით და ძალიან კარგია, რომ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს. პროცესში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო და კონსულტაციები გვაქვს მთავრობასთან“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.