დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი აცხადებს, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმა შანსი არ არის, ევროკავშირის წევრები გახდნენ.
ამის შესახებ ელჩმა თელავში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
კითხვაზე – რატომ ეს ქვეყნები და არა საქართველო? – ელჩმა უპასუხა:
"საქართველოს გაცილებით მეტად ინტენსიური და ძლიერი ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან, ვიდრე იმ ქვეყნებს, რომლებმაც ვიზალიბერალიზაცია მიიღეს. რიგის სამიტმა თქვა, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ვიზალიბერალიზაციის გზაზე. ევროკომისიის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ თუ საქართველო პროგრესს გააგრძელებს ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა მომავალ წელს მიიღოს. თუ გამოვიყენებთ გამოთქმას, რომლის მიხედვითაც, ოპტიმისტები სავსე ჭიქას ხედავენ, პესიმისტები კი ამბობენ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა, გიპასუხებთ, რომ მე საქართველოს შემთხვევაში ვხედავ რომ ეს სავსე ჭიქაა და არა ნახევრად სავსე“, _ აღნიშნა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.
შეგახსენებთ, რიგის სამიტზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლაზე უარის თქმის შემდეგ, ევროკავშირმა 7 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება 29 მაისს გააფორმა. ცერემონიაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა ვიზალიბერალიზაცია სენტ ლუჩიამ, დომინიკის თანამეგობრობამ, გრენადამ, სენტ ვინსენტმა და გრენადინებმა, ვანუატუმ, სამოამ და ტრინიდადმა და ტობაგომ მიიღეს.
ახალი სავიზო რეჟიმით ამ ქვეყნების მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყნებში 180-დღიან პერიოდში 90 დღით დარჩენას შეძლებენ.