კონსორციუმ "Anaklia Eco Park and Port"-ის ხელმძღვანელი თეიმურაზ ქარჩავა, საქართველოს მთავრობის გერმანელ კონსულტანტებს შეხვდა, რომლებიც ანაკლიაში პორტის მშენებლობის კანდიდატთა შერჩევის საკითხებზე მუშაობენ.
როგორც "სპუტნიკ-ჯორჯიას"კორესპონდენტთან საუბარში თემურ ქარჩავამ განაცხადა, ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, იყო როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური ხასიათის შეკითხვები, რომლებზეც დამაჯერებელი პასუხები გაეცა.
"ამავე დროს მე ოფიციალურად გავაჟღერე ისიც, რომ, როდესაც ჩვენ გვექნება ოფიციალური შეტყობინება საბოლოო ეტაპზე გადასვლის შესახებ, მაშინ ყველა კონკრეტულ კითხვაზე იქნება გაცემული ამომწურავი პასუხი და ყველა საჭირო დოკუმენტი წარმოდგენილი იქნება საბანკო დასტურებთან ერთად, როგორც ეს ინტერესთა გამოხატვის პირობებშია გათვალისწინებული. მინდა ასევე დავძინო, რომ ჩვენს კონსორციუმს გააჩნია პორტის უკვე დაზუსტებული პროექტი და მისი ყველა ფაზის დაფინანსების წყაროები, რაც დადასტურებულია ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ "ანაკლია პორტის" მშენებლობისა და მისი განვითარების საკითხებში ჩვენს კონსორციუმს კონკურენტი არ ჰყავს და ვერც ეყოლება, იმიტომ რომ ჩვენი კონსორციუმის წევრები გახლავთ მსოფლიოს სხვადასხვა უძლიერესი კომპანიები, რომლებიც ამ საქმით უკვე 25 წელი არიან დაკავებული. მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია "Powerchina", ასევე პოტენციური პარტნიორები, რომლებიც საკუთარ კაპიტალში მიიღებენ მონაწილეობას არიან "British Eco Power" , "Global Steel Holdings – Mittal", "ევროპის საინვესტიციო ბანკი", "თიენძინის პორტი", "P & O Ports" და "Samsung Corporation"" , _ განაცხადა თეიმურაზ ქარჩავამ.