ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საკრებულოში სამუშაო ოთახების სარეკონსტრუქციო-საშემკეთებლო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა მარტში გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 614 ლარია. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ" "2 წლის განმავლობაში პრეტენდენტი პასუხისმგებელია შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. ხარვეზი უნდა აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით"
ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმე ვალერი კაკურიასა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ირაკლი კუჭავას შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 27 მარტს დაიდო 9 557 ლარზე. დოკუმენტის თანახმად, სამუშაოები 25 აპრილამდე უნდა დასრულებულიყო.
ინდმეწარმემ სამუშაოები დადგენილ ვადაში შეასრულა, თუმცა, მიღება-ჩაბარების კომისიამ არ ჩაიბარა _
როგორც კომისიაში განმარტეს, უხარისხობის გამო.
თუმცა, სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას უარყოფს კაკურია, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით გაკეთდა:
_ ყველაფერს პროექტის მიხედვით, ხარისხიანად ვაკეთებთ, _ გვითხრა ვალერიან კაკურიამ, რომელიც ცოტა ხნის წინ სწორედ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისთვის დააკავეს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში. ე. წ. "გარემონტებული" ოთახები ჩვენ კაკურიასთნ ერთად მოვინახულეთ _ ბზარები კედელზე, ჩამოცვენილი საღებავი, ამძვრალი და ზოგ შემთხვევაში არასაკმარისი "პლინტუსები". კარი, რომლებიც არ იკეტება და რომლებსაც თითქმის ხუთსანტიმეტრიანი "საჰაერო" ღრიჭოები აქვს:
_ ხარჯთაღრიცხვაში მეწერა არსებული კარის მონტაჟი და გავაკეთე კიდეც. ახალ კარს ხომ არ ჩავსვამდი?! _ ამბობს კაკურია და კითხვაზე, რას ჰქვია მონტაჟი, როცა არც კარი იკეტება და მას იატაკიდან დიდი დაშორება აქვს, მხრების აჩეჩვით გვპასუხობს:
_ მე ხომ არ შემიკერავს ეს კარი?! მეტს ვერაფერს ვერ ვუზამ. ჩაესვათ პროექტში ახალი და გაკეთდებოდა ახალი, _ განმარტავს ინდმეწარმე.
"გარემონტებულთაგან" ყველაზე დიდ ოთახში კარნიზები ალაგ-ალაგაა გაკეთებული.
კაკურიას თქმით, ეს მიღება-ჩაბარების კომისიის ბრალია, რადგან ოთახის გასატიხრი კედლები თაბაშირ-მუყაოს ფილებით გააკეთეს, თუმცა კომისიამ, იმის გამო, რომ ეს ხარჯთაღრიცხვაში არ იდო, დაიწუნა და აღება მოუხდათ. კარნიზებიც, რომელიც კაკურიას მტკიცებით, საკუთარი სახსრებით, ხარჯთაღრიცხვის გარეშე გააკეთეს (?!), იმიტომ არ არის საკმარისი.
იმას, რომ თაბაშირ-მუყაოს ფილების აღება და ოთახების გატიხვრა სხვა, უფრო თხელი მასალით მოუხდა შემსრულებელს, ადასტურებს საკრებულოს აპარატის უფროსი მერაბ ხუნდაძე. მისი თქმით, რემონტის თავდაპირველი ვერსია ამჟამინდელს სჯობდა:
_ თუმცა, კომისიამ თქვა, ასე არ იყო გათვალისწინებულიო და ამატომ სულ ფართხა-ფურით აიღეს. ერთ ღამეში აიღეს და ეს გაკეთდა. თქვენც ხედავთ, რაცაა და როგორიცაა _ ე. წ. კედელს რომ მიეყრდნო, წაიქცევა. რაღაც რკინა გააკეთეს ზუსტად ჩემი სკამის თავზე. ასეთი რამე გინახავთ? არ ვიხრჩობ ჯერ თავს, არ მაქვს თავის დასახრჩობად საქმე! _ ჩატარებული სამუშაოების უხარისხობის გამო უკმაყოფილება არ დაუმალავს ხუნდაძეს.
მიღება-ჩაბარების კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ლომთათიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ინდმეწარმემ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეასრულა: _ შესრულებული სამუშაო დავიწუნეთ იმიტომ, რომ ხარჯთაღრიცხვის შესაბამისი არ იყო, _ განმარტა ლომთათიძემ.
მისივე თქმით, შესრულებული სამუშაო ბევრ ეჭვს ბადებს:
_ ჩვენ ეჭვები გაგვიჩნდა როგორც სამუშაოს მოცულობაზე, ასევე ხარისხზე. ამიტომაც მოვიწვიეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი და ველოდებით მათ დასკვნას, _ გვითხრა კომისიის ხელმძღვანელმა.
სამხარაულის ექსპერტს, რომელმაც შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა, "გურია ნიუსიც" შეხვდა.
მან გაგვიმარტა, რომ ის ექპერტიზას მხოლოდ სამუშაოს მოცულობაზე ატარებდა:
_ ამ შემთხვევაში, მხოლოდ მოცულობას ვამოწმებ. ხარისხი რომ იყოს შესამოწმებელი, ჩათვალეთ, ეს ობიექტი არ ჩაბარდება იქედან გამომდინარე, რომ ხარჯთაღრიცხვაა შესრულებული ძალიან ცუდად. ამიტომ, არ შეიძლება ხარისხის განსაზღვრა ამ შემთხვევაში. მე ახლა ვაკეთებ მხოლოდ მოცულობითი სამუშაოების ექსპერტიზას. უნდა დავადგინო შეესაბამება თუ არა "ფორმა ორით" გათვალისწინებული მოთხოვნები ჩატარებულ სამუშაოებს. დანარჩენი საკითხები გასარკვევია _ მოსაკითხია, ვინ გააკეთა ხარჯთაღრიცხვა. უნდა შემოწმდეს, რამდენად კარგად არის შედგენილი, რამდენად შეესაბამება შესასრულებელ სამუშაოებს და ფასებს. თქვენ წეღან აღნიშნეთ, რომ ჭერი ცუდად არის შეღებილი. გეთანხმებით, ცუდია. ეს რომ კარგი იყოს, გაცილებით მეტი სამუშაო უნდა ჩატარდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გეთანხმებით _ არ არის ხარისხიანად გაკეთებული, მაგრამ ეს შემსრულებლის ბრალი არ არის.
ექპერტს, რომელსაც საკრებულოში კაკურია და მისი თანამშრომლებიც ახლდნენ, ვკითხეთ, ვისი ბრალია, როცა "პლინტუსების" ნაწილი დაგებული არაა, ნაწილი კი ცუდადაა დაგებული.
სპეციალისტმა განგვიმარტა, რომ ხარჯთაღრიცხვაში "პლინტუსის" დაგება არც იყო გათვალისწინებული:
_ ეს სულ არ წერია ხარჯთაღრიცხვაში. მადლობა უთხარით ამას (საუბარია კაკურიაზე), რომ გააკეთა.
თუმცა, მალევე მასთან ერთად გავარკვიეთ, რომ ხარჯთაღრიცხვაში "პლინტუსების" გაკეთება გარკვევით ეწერა.
კაკურიას თქმით, მხოლოდ 10 მეტრი იყო დაგეგმილი და მათ 14 მეტრი გააკეთეს.
_ თქვენ ხშირად ამოწმებთ ასეთ სამუშაოებს. საინტერესოა ექპერტის აზრი _ რა უნდა ვიფიქროთ ჩვენ, არაექსპერტებმა, როცა კომპანია იღებს ვალდებულებას კონკრეტული ობიექტის სამუშაოები შეასრულოს იმაზე გაცილებით დაბალ ფასად, რაც ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციაშია მითითებული? ინდმეწარმე ვალერიან კაკურიას მსგავსად, ბევრი ფასის შემცირების ხარჯზე იგებს ტენდერებს. ასეთ შემთხვევაში ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოებს მივიღებთ?
_ ვერა, _ დაგვიზუსტა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა.
აღსანიშნავია, რომ ექპერტმა დასკვნის დაწერამდე, სამუშაოების სრულად ნახვამდე გვითხრა, რომ ინდმეწარმე კაკურიამ ის სამუშაოები შეასრულა, რომელიც ხარჯთაღრიცხვით იყო გათვალისწინებული.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა რამდენიმე დღეში ჩამოვა. მანამდე კი მიღება-ჩაბარების კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ კომისიამ ხარჯთაღრიცხვა თავიდანვე შეამოწმა და მასში წუნი არ უპოვია.
ლომთათიძე ამბობს, რომ კომისიამ შესრულებული სამუშაოს ხარისხიც დაიწუნა და მისთვის უცნობია, რატომ არ ჩატარდა ექპერტიზა ხარისხზე:
_ ჩვენ ეჭვი შეგვეპარა, როგორც მოცულობაში, ასევე ხარისხშიც. ვნახოთ, რას დაწერს ექპერტიზა და ამის შემდეგ იმსჯელებს კომისია. თუკი მოცულობაში ყველაფერი კარგადაა, მაშინ ინდმეწარმეს ხარისხის გამოსწორების საშუალებას მივცემთ. თუმცა, ამ თემის დეტალებზე საუბარი მხოლოდ დასკვნის შემდეგ შეგვეძლება, _ აღნიშნა ლომთათიძემ.