2 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტის პირიქითა ხევსურეთის მაღალმთიანეთში, სოფ. ხონისჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე კხონისწყლის მარცხენა შენაკადის ხეობაში კატასტროფული ხასიათის მეწყრულ-კლდეზვავური ტიპის ჩამოქცევა და ღვარცოფის ტრანსფორმაცია მოხდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მწყემსი გაუჩინარდა.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში დაკარგული მწყემსის შესახებ შეტყობინება შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა საძიებო-სამაშველო ოპერაციები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს. გაწმენდით-საძიებო სამუშაოებს მაშველები 700 მეტრის სიგრძეზე ჩამოწოლილ, 8-9 მეტრის სიღრმის მეწყერში ახორციელებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა მეწყერში მოყოლილი გიორგი შეთიკაურის ცხედარი 12 ივნისს, დილით, ქოხში აღმოაჩინეს.