თბილისის სტიქიის გამო ოლიმპიურ ცეცხლს ჩოხატაურში პომპეზურობის გარეშე შემოიტანენ
ოლიმპიური ცეცხლი ჩოხატაურში ხუთშაბათს, 25 ივნისს, სამტრედიიდან შემოვა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ს საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ ცეცხლს რეგიონებში პომპეზურობის და სადღესასწაულო ღონისძიებების გარეშე შემოიტანენ:
_ ოლიმპიურ ცეცხლთან დაკავშირებული საზეიმო კონცერტები და ჩირაღდნის საზეიმო მსვლელობები დროებით გაუქმებულია.
ყველა მუნიციპალურ ერთეულში ოლიმპიური ცეცხლი სიმბოლურად აინთება და ჩირაღდანი დაგეგმილი მარშუტის მიხედვით გააგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში , _ აღნიშნულია საორგანიზაციო კომიტეტის წერილში, რომელიც მუნიციპალიტეტებს გუშინ დაეგზავნათ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერია ამბობს, რომ წერილის შესაბამისად, ჩოხატაურში ცეცხლს სიმბოლურად აანთებენ:
_ დაგეგმილი იყო, რომ ცეცხლს 7 მედროშე დახვდებოდა და მსვლელობა მოეწყობოდა, თუმცა, საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო, დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა და ჩოხატაურში ცეცხლი სიმბოლურად აინთება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მინდია ჟღერიამ.